Thumbnail

გლაზგოს "ჰემპდენ პარკზე" D ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში ხორვატიის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:1 დაუზავდა. პატრიკ შიკის პენალტს ხორვატმა ივან პერიშიჩმა ლამაზი გოლით უპასუხა, თუმცა მეტი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ვეღარ მოახერხა. ჩეხეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხორვატიას კი - მხოლოდ 1. ამ ჯგუფის სხვა შეხვედრაში ბრიტანული დერბია - ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ.

პირველ ტურთან შედარებით ჩეხების შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა - ჰოლეშმა, რომელიც ნაკრებში მე-10 მატჩს ატარებდა, სასტარტოში კრალი შეცვალა. ხორვატების შემადგენლობაში კი ორი ცვლილება განხორციელდა - სასტარტოში დაიწყეს ლოვრენმა ბრეკალომ, შესაბამისად, კალეტა-კარი და ბროზოვიჩი შემადგენლობიდან ამოვარდნენ.

მატჩის დასაწყისში ჩეხეთის ნაკრებმა იოლად მოიპოვა უპირატესობა მოიპოვა. მე-18 წუთზე პატრიკ შიკს გატანა შეეძლო, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და ლივაკოვიჩმა იოლად მოიგერია. 

ლოვრენის დარღვევა VAR-ს არ გამოეპარა

34-ე წუთზე საჯარიმოში ბრძოლისას დეიან ლოვრენმა პატრიკ შიკს იდაყვი ჩაარტყა სახეში. VAR-ის წყალობით ესპანელმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, ლოვრენი კი გააფრთხილა. პატრიკ შიკმა გასისხლიანებული სახით გაიტანა ევრო 2020-ზე თავისი მე-3 გოლი.

ხორვატებს საპასუხო შეტევაში შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ანტე რებიჩმა ძალიან უხეიროდ დაარტყა კარისკენ. ტაიმში მეტი მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა.

ივან პერიშიჩის საპასუხო გოლი

შესვენებაზე ხორვატთა თავკაცმა ორი ცვლილება განახორციელა, მოედანზე პეტკოვიჩი და ივანუშეჩი შევიდნენ. ხორვატიამ მალევე გაათანაბრა, კრამარიჩის პასის შემდეგ ივან პერიშიჩი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შესანიშნავი გოლი გაიტანა. 

ჩეხი ცოუფალისა და ხორვატი პერიშიჩის ორთაბრძოლა

ბევრი ელოდა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ამის შემდეგ შტურმს მოაწყობდა ჩეხეთის კართან, თუმცა ეს ხორვატიამ ვერ შეძლო - მოდრიჩი და კომპანია უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა, თუ არ ჩავთვლით პეტკოვიჩის მომენტს.

TOP - პატრიკ შიკი (ჩეხეთი)

ცხვირის გატეხვის ფასად პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა. დღეისათვის ის 3 გოლით ევრო 2020-ის ბომბარდირია.

FLOP - დეიან ლოვრენი (ხორვატია)

დიდ ტურნირებზე უკვე მესამედ, დეიან ლოვრენმა ხორვატია დააღალატა და პენალტი "აიკიდა". არადა, ევრო 2020-ზე ის პირველად მოხვდა სასტარტო 11-ეულში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა ნაკრებში 139-ე მატჩი ითამაშა.

📌 ორი მატჩის შემდეგ პატრიკ შიკს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ჩეხეთის ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონატებზე... მილან ბაროშის შემდეგ (5 გოლი ევრო 2004-ზე).

📌 დეიან ლოვრენმა მუნდიალებზე და ევროებზე მესამედ "აიკიდა" პენალტი, რაც ხორვატი ფეხბურთელებისთვის ანტირეკორდია.

📌 ივან პერიშიჩმა ხორვატიის ნაკრების მაისურით 29-ე გოლი გაიტანა.

📌 ვან პერიშიჩმა ბოლო 4 დიდ ტურნირში შეძლო გოლის გატანა, რაც ხორვატიის ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ხორვატია 1:1 ჩეხეთი

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი - ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, გვარდიოლი - მოდრიჩი, კოვაჩიჩი (87. ბროზოვიჩი) - პერიშიჩი, კრამარიჩი (62. ვლაშიჩი), ბრეკალო (46. ივანუშეჩი) - რებიჩი (46. პეტკოვიჩი)

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, კალასი, ჩელუსტკა, ბორჟილი - ჰოლეში (63. კრალი), სოუჩეკი - მასოპუსტი (63. ჰლოჟეკი), დარიდა (87. ბარაკი), იანკტო (74. შევჩიკი) - შიკი (74. კრმენჩიკი)

კომენტარები

ბოლო ამბები