Thumbnail
  • ბაიერნმა იულიან ნაგელსმანის შემდეგ ლაიპციგიდან მისი ასისტენტებიც გადაიბირა
  • ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის შვილია

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ცნობილი გერმანელი სპეციალისტის, კლაუს ტოპმიოლერის შვილი დინო ტოპმიოლერი მიუნხენის ბაიერნში იმუშავებს. 40 წლის უმცროსი ტოპმიოლერის გადაბირება მიუნხენურმა გრანდმა პარასკევს ოფიციალურად დაადასტურა - დინო ტოპმიოლერი რეკორდმაისტერის ახალი დამრიგებლის, იულიან ნაგელსმანის ასისტენტი იქნება. მასთან ერთად, ნაგელსმანმა ლაიპციგიდან მიუნხენში ქსავიერ ცემბროდიც წაიყვანა. ოფიციალურად არ დასახელებულა თანხა, რომელიც ბაიერნმა ლაიპციგს გადაუხადა - ბოლო ინფორმაციით, ზახსენელები 200 000 ევროს ითხოვდნენ.

“გვიხარია, რომ ცემბროდი და ტოპმიოლერი ჩვენთან იმუშავებენ. ორივე მათგანი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია. ისინი წარმატებით მუშაობდნენ ლაიპციგშიც, სადაც ასევე იულიან ნაგელსმანის ასისტენტები იყვნენ,” - აცხადებს ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

იულიან ნაგელსმანი, დინო ტოპმიოლერი და ქსავიერ ცემბროდი

40 წლის დინო ტოპმიოლერი 2018 წელს დუდელანჟის მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ლევან ყენიას წვრთნიდა. მას შემდეგ უმცროსმა ‘ტოპიმ’ ბელგიურ ვირტონში იმუშავა, საიდანაც ლაიპციგში 2020 წლის ზაფხულში გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ დინოს მამა კლაუს ტოპმიოლერი, რომელიც მსოფლიომ ბოხუმში, აინტრახტში, ლევერკუზენსა და ჰამბურგში მუშაობის პერიოდში გაიცნო, საქართველოს ნაკრებს 2006-2008 წლებში ედგა სათავეში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები