Thumbnail
  • 📅 19 ივნისი | ⌚ 04:00 | ⚽ არგენტინა V ურუგვაი
  • არგენტინამ პირველი მატჩი ვერ მოიგო
  • ურუგვაის ნაკრებისთვის ეს კოპაზე პირველი თამაშია
  • ყველაფერი რაც ამ თამაშის შესახებ უნდა იცოდეთ

კოპა ამერიკის პირველი დიდი მატჩი A ჯგუფში, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართება. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და მთლიანად საფეხბურთო მსოფლიოს მიერ კლასიკურ დაპირისპირებად მიჩნეული შეხვედრა ბრაზილიის ნაციონალურ სტადიონზე გაიმართება. არგენტინელებისთვის ეს ტურნირის მეორე შეხვედრაა, ხოლო ურუგვაელებისთვის კი - სადებიუტო.

ჩილეს ნაკრებთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, არგენტინული პრესა ვარაუდობს, რომ ‘ალბისელესტეს’ მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს. პირველ რიგში ეს დაცვის ხაზს შეეხება, სადაც ცენტრში ადგილს კრისტიან რომერო დაიკავებს. ბერგამოს ატალანტას მცველმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. კიდევ ერთი ცვლილება შემტევ ტრიოში მოხდება: ნიკო გონსალესის ადგილს დიდი ალბათობით ანხელ დი მარია დაიკავებს. საინტერესოა, რომ ტურნირის მსვლელობისას თითქმის გაოფიციალურდა ამ უკანასკნელის შტუტგარტიდან ბრაიტონში ტრანსფერი. ინგლისური კლუბი გონსალესის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. კიდევ ერთი სატრანსფერო სიახლე უდინეზედან ატლეტიკოში როდრიგო დე პაულის გადასვლაა. ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვლოდ ‘როხიბლანკომ’ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. 

„პირველი მატჩის მოგება ძალიან გვინდოდა. გუნდი თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებდა. ერთ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, რის გამოც ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრაში მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს,“ - განაცხადა წინასასამატჩო პრესკონფერენციაზე არგენტინელთა კაპიტანმა ლეო მესიმ.


74 წლის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესთან ერთად ურუგვაის ნაკრები მეექვსე კოპა ამერიკას იწყებს. ეს სპეციალისტი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთში სანაკრებო მწვრთნელთა შორის ერთ-ერთი ,უხუცესია უიშვიათესი დაავადებით, გიიენა-ბარეს სინდრომითაა დაავადებული, რაც მას დახმარების გარეშე გადაადგილებას უზღუდავს, მაგრამ ლუის სუარესს და მის თანაგუნდელებს კვლავინდებურად დიდი ენთუზიაზმით წვრთნის.

ტაბარესმა კოპაზე სათამაშოდ 26-ფეხბურთელიანი გუნდი ძირითადად გამოცდილი და ყველასთვის ნაცნობი ფეხბურთელებით დააკომპლექტა. სელესტეს შეტევის ხაზში კვლავ არიან ლუის სუარესი, ედინსონ კავანი და მაქსი ლოპესი. ამ ტრიოს ტაბარესმა პენიაროლის 20 წლის თავდამსხმელი ფაკუნდო ტორესიც დაამატა, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. პენიაროლი ამ ახალგაზრდა შემტევს 20 მილიონ ევროს აფასებს და არც მთხოვნელები აკლია. ტორესისთვის ეს პირველი სანაკრებო ტურნირი იქნება.

საინტერესო ფაქტები 

⚽ ფეხბურთის ისტორიაში არგენტინის და ურუგვაის ნაკრებთა დაპირისპირება პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი იყო, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიის გარეთ გაიმართა.

⚽ ამ გუნდებს ერთმანეთში 196 მატჩი აქვთ გამართული, რომელთაგანაც არგენტინელებმა 90, ურუგვაელებმა კი 58 მოიგეს.

⚽ ურუგვაის ნაკრებისთვის ეს კოპა ამერიკის გათამაშებაში 45-ე სტარტია. 

⚽ კოპა ამერიკის ისტორიაში სელესტე ყველაზე წარმატებულია. ურუგვაელებს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული. არგენტინამ ტურნირი ტრიუმფით 14-ჯერ დაასრულა.

⚽ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინელებს ბოლო 14 შეხვედრა არ წაუგიათ. მათ შვიდი მატჩი მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს.

⚽ ბოლო ოთხ შეხვედრაში ურუგვაის ნაკრებს გოლი არ გაუშვია.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-3-3): ემილიანო მარტინესი - მონტიელი, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი (ან გვიდო როდრიგესი), ლო სელსო - მესი, ლაუტარო მარტინესი, გონსალესი (ან დი მარია).

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ვინა - ნაიტან ნანდესი, ვალვერდე, ბენტანკური, დე ლა კრუსი - სუარესი, კავანი.

კომენტარები

ბოლო ამბები