Thumbnail

გიორგი ფირცხელანი: სკეპტას ხმა გასახდელში - როგორ დაძლია ინგლისმა იდენტობის კრიზისი

გიორგი ფირცხელანი პროფილის ფოტო
გიორგი ფირცხელანი

ინგლისის ნაკრების დიდი ტურნირისთვის მზადების პროცესი, სერ ბობის წასვლის შემდეგ DVD-ზე დარელიზებულ დაბალბიუჯეტიან ექშენს ჰგავდა ხოლმე, რომელსაც ვითომ სცენარი აქვს, 5 წუთში ერთხელ ხმის ჩამწერი ტიპი დიდი მიკროფონით კადრში შემოდის და პერიოდულად, უნიჭო მსახიობები ერთმანეთს რაღაც ფრაზებს ეუბნებიან.

ჩემთვის ეს ევროპა ინგლისის მე-12 ტურნირია. პირველი, ‘Le Tournoi’ ჰოდლის ტრიუმფით დასრულდა, მაგრამ ყველას მაინც კარლოსის ჯარიმით ახსოვს. იმ გუნდის ფოტო დღემდე მაქვს შენახული, სადაც გაზას თმა აქვს მოშვებული, სიმენს ფორთოხლისფერი ფორმა აცვია და ლუიშემელი იან რაიტის ოქროს კბილი დღესაც ისე ანათებს, როგორც 24 წლის წინ.

ამდენი დრო გასულა და ბუნებრივია, 24 წლის შემდეგ, მეც და ინგლისელებმაც რაღაც დასკვნები გამოვიტანეთ. მივხვდით, რომ ტურნირის წინ, ბადენ-ბადენში ფეხბურთელების ცოლების დაბინავების საკითხის პარლამენტში განხილვა აღარ ასწორებს; არც სანის რუბრიკაში ‘თეთრი სატვირთოს მძღოლი’ გაჟღერებულ ჭორზე, ქილერ პარაგვაელებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ბაზარი; არც შვედი სვენის და მისი თანაშემწის, ფარია ალამის იახტიდან ფოტოზე ჩალიჩი; არც ალმუნიას ნატურალიზებაზე ფიქრი; არც ტურნირზე წამსვლელი 23-კაციანი სიის სასტუმროს ფოიეში გამოცხადება და მერე შემადგენლობის მიღმა დარჩენილი ატირებული ტიპების ჩემოდნებზე შესმის პროცესის გადაღება.

მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყველას ერთმა კაცმა დაგვასწრო - დენ ეშვორტმა, რომელიც დღეს არავის ახსოვს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საფეხბურთო ფუნქციონერია. ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა აქამდე წარმოუდგენელი რამ შეძლო და ინგლისურ სანაკრებო სტრუქტურას ახალი იდენტობა, ახალი ცხოვრების სტილი და ხასიათი აჩუქა. ისე, ჰაერზე არა, დოკუმენტის სახით, რომელსაც ‘English DNA’ ჰქვია. ეშვორტის ასოციაციაში წარდგენის შემდეგ, მისი პირველი იდეა ნაკრებში რალფ რანგნიკის დანიშვნა იყო, რაც ბუნებრივია, 2 დღის მისულ კაცს არ გააკეთებინეს.

‘Le Tournoi’ | 1997

2012 წელია, ჯერ არც კლოპი ვიცით, არც ტუხელი, არც ნაგელსმან-ჰაზენჰიუტლები ჩანან დღის შუქზე და ზოგადად, რანგნიკის "8 წამში წაართვი, 8 წამში გაიტანე" სექტაზე, კიფჰოიზერის მასივის გარეთ, ჯერ არავის არაფერი გვსმენია. არც თბილისში, არც ლონდონში...

ეშვორტს ეს მცდელობა არ გაუვიდა, მაგრამ მალევე რიოს ბილეთი აიღო, სადაც ჯერ ბრაზილიელების, შემდეგ კი გერმანელების კვლევას შეუდგა. აღმოჩნდა, რომ სანამ ბრაზილიელი, ან გერმანელი ნაკრებამდე მივა და იქ ყველაფერს მოიგებს, მანამდე 21-წლამდე და ქვედა ასაკობრივ გუნდებში საშუალოდ 50-ჯერ თამაშობს. ახალი არაფერი მოუგონია, ასაკობრივებს მიაწვა და მისი დანიშვნიდან მალევე, ინგლისმა U17, U19 და U20 დონეზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

იმ გუნდებიდან ბევრი დღეს საუთგეიტის ნაკრებში თამაშობს და უმეტესობა მათგანი ბირთვის ნაწილია. ჰოდა, მივედით კაცთან, ვინც ეშვორტის დაწყებულ საქმეს მატჩის წინ ფეხბურთელების აუზში ვარდისფერი უნიკორნებით ცურვა დაუმატა და ახალი გუნდიც ასე მივიღეთ. საუთგეიტის მიდლსბროში მწვრთნელობა თუ გახსოვთ, საშინელი გუნდი ჰყავდა - ალფონსო ალვეშით და ემანუელ პოგატეცით. რივერსაიდზე დაქვეითების ფონზე, მისი ახლაგაზრდულ ნაკრებში გამოჩენა, ფაბიო კაპელოს ქაოსის პარალელურად, თავის დროზე დიდი მოულოდნელობა იყო. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და დღეს, მიმდინარე ევროზე მიღწეული შედეგის მიუხედავად, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სერ ბობი რობსონის გარდა, ინგლისის ნაკრებში საუთგეიტივით დროსთან ადეკვატურ მწვრთნელს ჯერ არ უმუშავია.

საუთგეიტის ნაკრები პირველი ინგლისის ნაკრებია, სადაც მოთამაშეებმა, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, ეროვნულ გუნდში ინტეგრირება წარმატებით შეძლეს. ბოლო 5 წელია, ინგლისის ნაკრებს მხოლოდ ‘თეთრი სატვირთოს მძღოლები’, 'დეილი ექსპრესის' მკითხველები და 80 წლის კარლაილელი ლეიბორისტები არ ქომაგობენ. დღეს, God Save The Queen (Team)-ზე აყოლა, ლუიშემში, კარიბელი ემიგრანტების ოჯახიდან იწყება, შემდეგ ბირმინგემის პერიფერიაში, ჩრდილოეთ აფრიკელების სასადილოში გრძელდება და შეიძლება სადმე კორნუოლში, დიდ ქვებთან, ნეოპაგანების ფართიზე დასრულდეს.

ინგლისის ნაკრებში აფრო-კარიბელებიდან პირველი საერთაშორისო ოფიციალური მატჩი 1978 წელს ვივ ანდერსონმა ითამაშა, მერე ვესტ ბრომის ცნობილი ტრიოდან - სირილ რეჯისი და ლორი კანინგემიც გამოიძახეს. მილანის ლუთერ ბლისეტსაც ეცვა ადმირალის ფორმა, თუმცა კულმინაცია მაინც ჯონ ბარნსის ნაკრებში გამოჩენა იყო, რომელიც 86-ში, არგენტინასთან 15 წუთით ადრე რომ შემოეყვანათ, ‘ღმერთის ხელის’ ავტორი და მისი გუნდი, ისეთ მოგონებად დარჩებოდნენ ფეხბურთის ისტორიაში, როგორც 82-ის ბრაზილია, ან სტოიჩკოვის ბულგარეთი.

მაიკლ თომასის და დეივ როქესლის თამაშს ვერ მოვესწარი, მაგრამ ჩემ ბავშვობაში პრემიერშიფის ფეხბურთს მაღალ დონეზე - იან რაიტი, ენდი კოული, ლეს ფერდინანდი, სტენ კოლიმორი, ბრაიან დინი და დიონ დაბლინი თამაშობდნენ. თუმცა, დიდ ტურნირზე ინგლისის ფორმით არცერთი გვინახავს. სულ მქონდა იმის განცდა, რომ საფრანგეთისგან და ნიდერლანდებისგან (ლიოვის შემდეგ გერმანიისგან) განსხვავებით, ინგლისის საფეხბურთო მულტი-კულტურული სიმდიდრე ნაკრების ზედაპირზე არასოდეს ჩანდა. თუ არ ჩავთლით დეს უოკერივით და პოლ ინსივით ცალკეულ შემთხვევებს.

'The Call-Up feat. Wretch 32'

21-ე საუკუნეში ამ კუთხით სიტუაცია შეადრებით შეიცვალა. თუმცა, სოციუმთან და შედარებით ჰუმანურ ახალგაზრდა თაობასთან, ნაკრების იდეოლოგიური გაუცხოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ინგლისი მემარჯვენე პოპულისტური პრესის დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად მოექცა და სწორედ ეს იყო იმ ტოქსიკური გარემოს შექმნის მიზეზი, რასაც ჯერ სვენ-გორან ერიკსონის, შემდეგ მაკლარენის და ბოლოს კაპელოს პერიოდში შევესწარით. სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები სასადილოს მაგიდებზე კლუბების მიხედვით იყვნენ გადანაწილებული და თამაშზე 4 პასს გადაბმულად ვერ აკეთებდნენ; სადაც გუნდის ერთადერთი ხასიათზე მომყვანი ოუენ ჰარგრივსი იყო, კანადელი ინგლისელი, რომელიც ფეხბურთელად დიდი ოთხეულის დეპრესიული გარემოდან შორს - მიუნხენში გაზარდეს.

ბოლო ევროპის ჩემპიონატს 2016 წელს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმი დაემთხვა. ქვეყნის მოსახლოების 51% გაერთიანებიდან გასვლას ზეიმობდა, როდესაც როი ჰოჯსონის თაობათა ცვლის ფაზაში მყოფი გუნდი მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა. კონტინენტური ტაბლოიდების ყდებზე, ანგარიშთან ერთად, ყველგან "BREXIT!" ეწერა. თითოქს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ინგლისის ნაკრების მომავალი მანის კუნძულის თევზსაჭერებში გაზრდილი, კოლექტიური ლი კატერმოლების არმიას უნდა განესაზღვრა, მაგრამ ხანდახან ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება.

დღეს, ინგლისის ნაკრების გასახდელიდან slowthai, Skepta და Foul Play ისმის. შიგნით ხორვატებთან მოგებას რამდენიმე ჰასტინგსთან ნამყოფი ტიპის შთამომავალი, რამდენიმე აფრო-კარიბელი, ორი ირლანდიელი და მარკუს რაშფორდი - მარქსისტი ფეხბურთელი ზეიმობს; დღეს, ინგლისის ნაკრების წევრი ტურნირის წინ ვიორელ მოლდოვანის ხოდზეა და მისი ცოლის სასტუმროს ბუქინგზე, თემთა პალატაში დენის სკინერი აღარ ყვირის; დღეს, ტურნირიდან დაბრუნებულ ინგლისელზე ექსპრესმა რაც არ უნდა დაწეროს, იცის, რომ ლუიშემში საპარიკმახეროს ბირჟის კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. ჰოდა, ამ ბირჟაზე, სადაც პეტრე პირველს ოდესღაც გემის შენება აქვს ნასწავლი, ალფ რამსის, დიეგოს და ანდრეას მიოლერის აჩრდილი ვერავის აშინებს; აქ, კარიბული აღზრდის გზაზე, თუ საქმეს დაჭირდა, გრინვიჩ ბოროს სკამის ფეხბურთელი, შესაძლოა ბალკანელებთან ზეედორფივით დადგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები