Thumbnail
  • ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ის ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული ფიგურაა

იუვენტუსისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში, ქალაქ ტურინში გარდაიცვალა. ამ ამბავს "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდიც გამოეხმაურა.

ბონიპერტი იუვეს ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა. 1946-1961 წლებში მან შავ-თეთრი მაისურით 459 მატჩში 179 გოლი გაიტანა და დღემდე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე იმყოფება. ის ამ მხრივ რეკორდსმენი 2005 წლამდე იყო და შემდეგ ალესანდრო დელ პიერომ გადაასწრო. სწორედ ალექსთან ერთად, ბონიპერტი იუვეს მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა და 2011 წლის სექტემბერში, ტურინელთა ახალი სტადიონის გახსნაზე ისინი ერთად წარსდგნენ და გულშემატკივრებს მიმართეს.

დელ პიერო ბონიპერტის გამოემშვიდობა:

"ძვირფასო პრეზიდენტო, არავინ ყოფილა იუვენტუსისთვის თქვენნაირი და არც არავინ იქნება. თქვენგან დავალებული ვარ ყველაფრის გამო, როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც კაცი. იმიტომ, რომ იუვენტუსის გარეშე, თქვენი იუვენტუსის გარეშე, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ", - დაწერა ალექსმა სოციალიურ ქსელში.

ჯამპიერო ბონიპერტი 1971-1994 წლებში იუვენტუსის მენეჯმენტში იყო დასამქებული, როგორც პრეზიდენტი და აგრეთვე, აღმასრულებელი დირექტორი. მან იუვეში 14 სკუდეტო მოიგო (5 როგორც ფეხბურთელმა, 9 როგორც მენეჯერმა), 4 იტალიის თასი (2-2), ჩემპიონთა თასი, სამჯერ უეფას თასი, თასების თასი, საკონინენტთაშორისო თასი (როგორც პრეზიდენტმა).

მან იტალიის ნაკრებშიც უთამაშია და 1947-1960 წლებში ჩატარებულ 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ჯამპიერო ბონიპერტი იუვენტუსის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს ატარებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები