Thumbnail
  • პრემიერლიგის მე–16 ტური ერთ–ერთ აუტსაიდერთან მოქმედი ჩემპიონის მარცხით გაიხსნა.
  • დევიდ მოიესმა ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პირველი მოგება იზეიმა.
  • მარკო არნაუტოვიჩის გოლმა ჩემპიონებს პრემიერლიგაში მეოთხე მარცხი აგემა.

ვესტ ჰემი 1:0 ჩელსი

ინგლისის პრემიერლიგის მე–16 ტური ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც ცხრილის ერთ–ერთმა აუტსაიდერმა ვესტ ჰემ იუნაიტედმა მოქმედი ჩემპიონი ჩელსი მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

ლონდონური დერბი ანტონიო კონტეს გუნდისთვის თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო. უკვე მე–6 წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი ჩაიწერა.

ჩაქუჩების ესპანელმა მეკარემ, ადრიანმა, გოლი დერბიში ემოციურად აღნიშნა

დარჩენილ დროში სტუმრებმა მატჩის ბედის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს და პრემიერლიგაში მეოთხე მარცხი იწვნიეს.

მარკო არნაუტოვიჩი კი ემოციებს არც თამაშის შემდეგ მალავდა:

"გრძნობებს ვერ გადმოვცემ, ეს ყველაფერი ბრწყინვალე იყო. ჩვენ ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ და ეს სამი ქულა დავიმსახურეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრს ვშრომობდით, მაგრამ ყოველთვის არ გვიმართლებდა. ამიერიდან უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით. არ მინდა, რომ ეს ჩემი ბოლო გოლი გამოდგეს. მსურს, გავაბედნიერო კლუბი".

ეს გამარჯვება პირველია ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დევიდ მოიესისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩაქუჩებმა პრემიერლიგაში ბოლოს სექტემბრის მიწურულს მოიგეს, ამ გამარჯვების შემდეგ კი 13 ქულა აქვთ.

მოიესის გუნდის სენსაციურ გამარჯვებზე ბრიტანულმა ევროსპორტმა იხუმრა:
"ეს როგორ ქენი დევიდ?"
"წარმოდგენა არ მაქვს.."

დევიდ მოიესმა თამაშის შემდეგ თავისი სურვილი გაამხილა: 

"გამახარა მოგებამ. მომეწონა გუნდის სულისკვეთება. ვიცოდით, რომ ჩელსი ბურთის გაკონტროლებას დიდი ხნით შეეცდებოდა, ჩვენ კი ორგანიზებულად უნდა გვემოქმედა და ეს შევძელით. მინდა, ვთამაშობდეთ ისე, როგორ ჩელსი. გარკვეულ ასპექტებში ჩვენი მეტოქე ბრწყინვალე იყო. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომავალში ითამაშებს ისე, როგორც ჩელსი თამაშობს"

რაც შეეხება ჩელსის, კონტეს გუნდი 32 ქულით მესამე ადგილზე რჩება, თუმცა მის მდევარ ლივერპულს, რომელიც სამი ქულით ჩამორჩება, თამაში რეზერვში აქვს. 

წაგება ნაწილობრივ გადაღლილობით ახსნა ანტონიო კონტემ:

"ცუდად დავიწყეთ. თავი დაღლილობამაც იჩინა. ამის გამო ფეხბურთელები უამრავ შეცდომას უშვებდნენ, განსაკუთრებით კი დამაგვირგვინებელ ფაზაში. შანსი მრავლად გვქონდა, მაგრამ რეალიზება ვერაფრით მოვახერხეთ. არ დაგავიწყდეთ, ეს ძალიან რთული ჩემპიონატია და ბრძოლა გვმართებს".

კომენტარები

ბოლო ამბები