Thumbnail

ქართველი ხარი ფინალშია! მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 10 სტრონგმენი იბრძოლებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კონსტანტინე ჯანაშია World’s Strongest Man-ის ფინალში გავიდა
  • დასკვნით ეტაპზე 10 სტონგმენი იასპარეზებს
  • პოპსპორტი 'ქართველ ხარს' საკრამენტოში დაუკავშირდა

კონსტანტინე ჯანაშია 2-წლიანი პაუზის შემდეგ World’s Strongest Man-ის ფინალშია!

"ქართველი ხარი" აშშ-ში მიმდინარე შეჯიბრის გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც პლანეტის საუკეთესო სტრონგმენები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ებრძვიან, უკვე მეხუთედ იასპარეზებს. ჯანაშიამ პოპსპორტთან ტურნირის მიმდინარეობა და საკუთარი ასპარეზობა შეაფასა.

ტურნირმა სტარტი 15 ივნისს აიღო და 20-ში დასრულდება. პირველ ეტაპზე 5-ჯგუფში 5 სპორტსმენი იყო გადანაწილებული, ფინალში კი 2 საუკეთესო კი გავიდა. სატიტულო ეტაპზე სულ 10 სტონგმენი გამოვა. ფინალური დაპირისპირებები 19 და 20 ივნისს გაიმართება.

ჯანაშიამ მე-4 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

კონსტანტინე ჯანაშია: "ორი დღე დავისვენებთ და შემდეგ ფინალის პირველი ეტაპი ჩატარდება. ერთ დღეს 3 მოძრაობა იქნება, მეორე დღესაც სამი - ჯამში 2 დღეში 6 მოძრაობა. ვიცით, რაც გველის, მაგრამ კონკრეტულად წინა დღეს მოგვივა ინფორმაცია, თუ რა იქნება შესასრულებელი, თუმცა ამ მოძრაობებზე ნავარჯიშები მაქვს და ვეცდები, ფინალში მაქსიმალური შედეგი მქონდეს."

კონსტანტინე მე-4 ჯგუფში იყო, სადაც სხვა სტონგმენებთან შედარებით საუკეთესო შედეგი აჩვენა და 17 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფინალურ სტადიაზე ლიდერის რანგში გადავიდა. ჯგუფურ ეტაპზე კონსტანტინემ 4 მოძრაობის შემდეგ ფინალში გასვლა გაინაღდა და დარჩენილი 2 მოძრაობა აღარ შეასრულა - ძალები დაზოგა.

ჯანაშია: "პირველი მოძრაობა კასრების და მძიმე წონების სწრაფად გადაადგილება იყო, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. მეორე მოძრაობა დიდი, განსხვავებული შტანგის ამოწევა იყო, სადაც მეორე ადგილი დავიკავე, რადგან პირველ ადგილზე გასვლა არ მჭირდებოდა და ძალები დავზოგე. შემდეგი დავალება ერთი მხრიდან მეორე მხარეს დიდი ბოძების გადაგდება იყო - აქაც მეორე ადგილზე გავედი. ეს მოძრაობა აქამდე არასდროს გამიკეთებია, ჩემთვის განსხვავებული იყო. ამის შემდეგ მძიმე წონების, ორი განტელის, მოუხერხებელი შტანგის და აქსელის თავს ზევით აწევა იყო, სადაც მხოლოდ ორი განტელის და ერთი მოუხერხებელი შტანგის აწევა მჭირდებოდა, რომ მოძრაობა დამესრულებინა - ქულებით ისედაც ძალიან წინ ვიყავი. ოთხი მოძრაობის შემდეგ ავიღე 17 ქულა და მეორე ადგილს ორი მოძრაობით ადრე ისე გავუსწარი, რომ ვეღარ დამეწეოდა."

როგორც აღვნიშნეთ, 'ქართველი ხარი' World’s Strongest Man-ის ფინალში 2-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ბოლოს ჯანაშიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2019 წელს იასპარეზა და ფინალის მეორე მოძრაობის დროს სამთავა კუნთი გაიწყვიტა და ტურნირს გამოეთიშა.

'ქართველი ხარი' ტურნირისთვის 4 თვე ემზადებოდა

"ქართველი ხარი" აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლას 2020 წელსაც გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. გადადებული შეჯიბრი გასული წლის ნოემბერში შედგა, თუმცა მაშინ ჯანაშიას ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე კოვიდ-19 დაუდასტურდა და წლის მთავარი ასპარეზობა გამოტოვა.

ჯანაშია: "ფინალში გასვლა მაგარი გრძნობაა. ეს სპორტი ძალიან ტრავმიანია - მიმდინარე ტურნირს დაზიანებების გამო 5 სტრონგმენი გამოეთიშა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ პროფესიონალებში ვარ და ასეთი მაღალი დონის ტურნირის ფინალში გავედი. ვერ გადმოვცემ ემოციებით, ისეთი გახარებული ვარ შედეგით. ფინალში ღირსეულად ასპარეზობას ვეცდები."

ყველაზე წარმატებული ქართველი სტრონგმენი ამ ტურნირისთვის დიდ ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ჯანაშია ძალიან კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეხვდა მსოფლიოს ჩემპიონატს, რაც მის შედეგებზეც აისახა: "ამ ტურნირისთვის 4 თვე ვემზადებოდი. ფსიქოლოგიურადაც ძალიან კარგად ვარ მომზადებული. მსურდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ისეთი ძლიერი და უფრო მეტადაც ძლიერი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თავიდანვე მჯეროდა, რომ ფინალში გავიდოდი და ამ ყველაფერს ველოდი კიდეც."

World’s Strongest Man 2021-ის ფინალისტები

კონსტანტინე ჯანაშია (საქართველო)
ბრაიან შოუ (აშშ)
ტრეი მიტჩელი (აშშ)
ჯეიეფ კარონი (კანადა)
ბობი ტომპსონი (აშშ)
მაქსიმ ბუდრო (კანადა)
ტომ სტოლტმენი (დიდი ბრიტანეთი)
ეითორ ინგოლფსონ მელსტედი (ისლანდია)
ადამ ბიშოპი (დიდი ბრიტანეთი)
ლუკ სტოლტმენი (დიდი ბრიტანეთი)

World’s Strongest Man 2021-ის დასკვნითი ეტაპი 2-დღიანია. ფინალები 19 და 20 ივნისს გაიმართება, სადაც 10 სტრონგმენი ერთმანეთს საერთო ჯამში 6 მოძრაობაში შეეჯიბრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები