Thumbnail

მაყურებლების გარეშე - ცნობილია, სად უმასპინძლებს სამხრეთ აფრიკა საქართველოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ივლისში საქართველოსთან ტესტ-მატჩებისთვის სტადიონები შეარჩია და ისიც გამოაცხადა, რომ მოახლოებული თამაშები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ “ქურციკებს” 2019 წლის 2 ნოემბერს მათთვის ტრიუმფალური მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშიათ, ამდენად, მინდორზე დაახლოებით 19-თვიანი პაუზის შემდეგ გავლენ.

სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან პირველ მატჩს 2 ივლისს დედაქალაქ პრეტორიაში, კერძოდ კი, Loftus Versfeld-ზე ჩაატარებს და ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება მასპინძელთა თავკაც ჟაკ ნიენაბერისთვის, რომელსაც პრესტიჟულ პოსტზე დებიუტი სწორედ აღნიშნულ სტადიონზე ჰქონდა.

9 ივლისისთვის მეტოქეები უკვე იოჰანესბურგში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

ცნობისთვის, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებებს აქამდე ერთადერთხელ უთამაშიათ. ეს 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხდა, როდესაც “ქურციკებმა” 46:19 მოგვიგეს, ქართველმა მორაგბეებმა კი მსოფლიო თასებზე პირველი ლელო დადეს. აღნიშნული დავით დადუნაშვილმა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს “ბორჯღალოსნებს” განსაკუთრებულად დატვირთული წელი ელით. ქართველი მორაგბეები აფრიკული ტურნეს შემდეგ შინ, 17 ივლისს, შოტლანდიას უმასპინძლებენ, 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთთან მატჩია, ნოემბერში კი, საქართველოს კიდევ 2 ნაკრები ეწვევა, რომელთა ვინაობაც, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები