Thumbnail
  • ყაზანურ კლუბს ქართველი ფეხბურთელები შეუერთდნენ
  • ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი რუბინში ვარჯიშობენ

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის კვლავაც რუსული კლუბის შემადგენლობაში ემზადება.

შეგახსენებთ, რომ რუბინმა ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კი სანაკრებო პაუზის გამო იყვნენ გათავისუფლებულნი და ლეონიდ სლუცკის განკარგულებაში მოგვიანებით დაბრუნდნენ.

როგორც ცნობილია, კვარაცხელიას რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა, დიდი ალბათობით, კარიერას რომელიმე ევროპულ კლუბში გააგრძელებს. სხვა საქმეა, რომ მისი ტრანსფერი ძალიან გაიწელა და ჯერჯერობით, კონკრეტულიც არაფერი სჩანს. იმედი გვაქვს რომ ხვიჩა ყაზანში მართლაც დროებით დაბრუნდა და რუბინში მხოლოდ ტრანსფერის განხორციელებამდე მოემზადება.

სხვათა შორის, საპირისპირო იმედი გამოთქვა ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს ურჩია არ აჩქარდეს და მომდევნო სეზონიც რუსულ პრემიერლიგაში გაატაროს: “ცხადია, მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. უბრალოდ, არ არსებობს კლუბი, რომელსაც დიდი ფეხბურთელები არ ტოვებდნენ. ვუსურვებ ევროპაშიც მაგრად ეთამაშოს, თუმცა, მის ადგილზე წასვლას არ ვიჩქარებდი”.

ასევე 20 წლის ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც რუბინს 2023 წლამდე ეკუთვნის, გასული სეზონი როტორში იჯარით გაატარა, თუმცა, პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში გოლი არ გაუტანია. ახლა, ის ყაზანელთა რიგებში დაბრუნდა და კლუბში დამკვიდრებას კიდევ ერთხელ ეცდება. რუბინი საკონტროლო მატჩებს 24 ივნისიდან დაიწყებს და ნიჟნი ნოვგოროდსა და ურალს 2-2-ჯერ ეთამაშება, 10-18 ივლისს კი “პარიმატჩ პრემიერის” თასზე სპარტაკს, ხიმკის და სოჩის გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები