Thumbnail

PREVIEW | განიმტკიცებს დინამო ბათუმი ლიდერობას? მეორე წრის ბოლო მატჩი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 18 ივნისი | ⌚ 20:30 | ⚽ დინამო ბათუმი V დილა
  • დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია
  • ქულები ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
  • დინამომ და დილამ ბოლო 3 ტურში მხოლოდ 4-4 ქულა მოიპოვეს

საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც დინამო ბათუმი გორის დილას უმასპინძლებს. მეორე წრეში ეს ორივე გუნდისთვის ბოლო შეხვედრაა.

გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატს დინამო თბილისთან ერთად ლიდერობს (35-35 ქულა), დილა კი 17 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. ბათუმელებს ამ სეზონში არა მხოლოდ ყველაზე ცოტა გოლი აქვთ მიღებული (და ყველაზე მეტი გატანილი ლოკოსთან ერთად), არამედ ასევე ყველაზე ცოტა, მხოლოდ 2 მარცხი აქვთ და აქედან პირველი სწორედ გორის დილასთან. პირველ წრეში გეგუჩაძის გუნდი გორში 1:2 დამარცხდა.

ბოლო ტურებში ორივე გუნდი არასტაბილურია: დინამო ბათუმმაც და დილამაც, ბოლო 3 ტურში მხოლოდ 4 ქულის მოპოვება მოახერხეს, ხოლო ანდრეი დემჩენკოს გუნდი უკანასკნელ ხუთ ტურში საერთოდაც სამჯერ დამარცხდა. ამრიგად, გორელებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, მაგრამ ბათუმში ქულების დაგეგმვა და მითუმეტეს მოპოვება, ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანაა.

მამუკა კობახიძე და ლუკაშ გროცურეკი

ამ შეხვედრაში 3 ქულის ფასი ძალიან მაღალია. დინამო ბათუმს დინამო თბილისთან ჩემპიონობისთვის უწევს კონკურენცია, ხოლო გორის დილა სამეულში მოსახვედრად იბრძვის და კონკურენტებიც კარგ ფორმაში ჰყავს - ლოკომოტივი და საბურთალო.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმის ნახევარმცველი): "წინა თამაშში ქულები დავკარგეთ და ახლა ნამდვილად კონცენტრირებული ვართ, რომ მოვიგოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, თანაც სახლში ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ პირველ წრეში წავაგეთ და ყველა ფეხბურთელი მზად არის რევანშის ასაღებად. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება."

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმისა და გორის დილას ბოლო 10 მატჩიდან 4-ჯერ ბათუმელებმა იმარჯვეს, 3-ჯერ გორელებმა და 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა (სამივე ზედიზედ და აქედან ორჯერ 0:0).

გორის დილას დინამო ბათუმი სტუმრად 2017 წლის 10 მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია, ხოლო ბათუმელებმა ახალ არენაზე პირველი თამაში სწორედ დილას მოუგეს (1:0, გასული წლის 21 ნოემბერს).

დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (10) და ლოკომოტივთან ერთად ყველაზე მეტი გაიტანა (31).

დინამო ბათუმი მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა (5 მოგება, 3 ფრე) და ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა - 4.

გორის დილას სტუმრად 7 მაისის მერე არ მოუგია და მას შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა (ტორპედოსთან და საბურთალოსთან).

დინამო ბათუმის მეკარეს ლაზარე კუპატაძეს ამ სეზონში კარი 9-ჯერ აქვს მშრალად შენახული, რაც საუკეთესო შედეგია.

ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე სეზონში ჯამში 20 გოლში მიიღეს მონაწილეობა (6-6 გოლი და 4-4 საგოლე პასი). დილას რიგებში ასევე 4 შედეგიანი პასი აქვს რევაზ ჩიტეიშვილს.

დინამო ბათუმს დილა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით 1998 წლის 22 იანვარს ჰყავს დამარცხებული (6:0), ხოლო თვითონ ორჯერ წააგო 0:2 და ამაზე დიდი სხვაობით გორელებს დინამო ბათუმთან არასდროს მოუგიათ.

ისტორიაში ამ გუნდების საწყისი 6 მატჩიდან ექვსივეში გამარჯვება დინამო ბათუმს დარჩა. დილამ კი დინამო ბათუმის დამარცხება ისტორიაში პირველად მხოლოდ და მხოლოდ მე-13 დაპირისპირებაში შეძლო 2003 წლის 27 სექტემბერს (2:1).

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.-5ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დილას ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

ამ გუნდების ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ ორივემ გაიტანეს.

ორივე გუნდი საქართველოს სულ მალე უეფას კონფერენსლიგაზე წარადგენს. დინამო ბათუმი სან მარინოს ტრე პენეს შეხვდება, ხოლო დილას მეტოქე სლოვაკური ჟილინა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები