Thumbnail

კოპენჰაგენის "პარკენზე" ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში დანიის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. მატჩის გმირი კევინ დე ბრუინი იყო, რომელიც მე-2 ტაიმში შევიდა და წაგებული თამაში შემოატრიალა. ამ ტურის მეორე მატჩში რუსეთის ნაკრებმა ფინეთს 1:0 მოუგო. ორი ტურის შემდეგ ბელგიას 6 ქულა აქვს.რუსეთსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, დანია უქულოდაა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უეფას ოფიციალურ არხთან მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და დანიასთან გამართული მატჩი შეაფასეს.

რობერტო მარტინესი (ბელგიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. პირველი ტაიმის შემდეგ მოთამაშეები შოკირებულები იყვნენ. საბედნიეროდ, მათ თამაშის შეცვლის გამოცდილება აქვთ და ეს შეხვედრა მოვიგეთ. რაც შეეხება ბოლო ტურს და ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას, ჯერ ჯგუფიდან გასვლა უნდა აღვნიშნოთ, რის შემდეგაც ფინეთთან შეხვედრაზეც ვიფიქრებთ.

რომელუ ლუკაკუ (მატჩის საუკეთესო მოთამაშე): დრამატული მატჩი იყო, გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენ ისეთი ხარისხის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, როგორსაც ჩვენგან ელიან, მაგრამ ნეგატიურადაც არ უნდა შევხედოთ ამ მატჩს, ჩვენ შეხვედრა მოვიგეთ. დანიამ სენსაციური ფეხბურთი აჩვენა, ჩვენ კი კარგ მეტოქესთან დონე კიდევ უფრო ავიმაღლეთ.

კევინ დე ბრუინი: ცხადია, უბედნიერესი ვარ. დანიელებს დიდ პატივს ვცემ. გამიხარდა, რომ მოვიგეთ. რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, მე ზუსტად იმ ადგილას მივედი, სადაც კრისტიან ერიკსენი ცუდად გახდა და გოლი არ აღვნიშნე. უბრალოდ მშვიდად ვიყავი.

იან ვერტონგენი: დანიელებმა გაგვაკვირვეს. ისინი პირველ ტაიმში საოცრად თამაშობდნენ და ჩვენზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ - ამას ყველა ხედავდა. ცვლილებაზე შემოსულმა დე ბრუინმა, ვიტსელმა და აზარმა ნაკრების თამაშის ხარისხი აწიეს და მატჩიც მოვიგეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები