Thumbnail

მნიშვნელოვანი მატება - ფრანგი მოფარიკავე საქართველოს ნაკრებში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლა რუსე წლების განმავლობაში საფრანგეთის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე იყო
  • მასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ვაჟ მოფარიკავეთა ნაკრებში მნიშვნელოვანი მატებაა. საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ახალი ქვეყნის ღირსება უკვე დაიცვა 32 წლის ნიკოლა ანდრე რუსემ, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე იყო და გრან პრის ეტაპებზე არაერთი მედალი აქვს აღებული.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის განცხადებით, ნიკოლა ახლაც ძლიერი მოფარიკავეა და საქართველოს ნაკრებს, რომლის მიზანიც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ტურნირში მოხვედრაა, საგრძნობლად გააძლიერებს.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა წინასაოლიმპიადო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა
📷 | საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

როგორც აღვნიშნეთ, რუსეს დებიუტი საქართველოს ნაკრებში უკვე შედგა და ის გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა საერთაშორისო წინასაოლიმპიადო ტურნირზე, რომელსაც თბილისმა, კერძოდ კი, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზმა ამ დღეებში უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლა რუსე, ვაჟა რეჭია) მეოთხედფინალში ირანი 2-ს 45:42 სძლია, ნახევარფინალში ეგვიპტესთან 40:45 წააგო, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი საფრანგეთს 45:42 მოუგო. ფინალში ირანმა ეგვიპტე 45:34 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ირანისა და ეგვიპტის ნაკრებები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში მონაწილე რვა საუკეთესო გუნდს შორის არიან და ეს, მათ სიძლიერეზე მეტყველებს.

კომენტარები

ბოლო ამბები