Thumbnail
  • უკრაინა 2:1 ჩრდ. მაკედონია
  • გოლები: 1:0 იარმოლენკო (29’), 2:0 იარემჩუკი (34’), 2:1 ალიოსკი (პენ.57')
  • გამოუყენებელი პენალტი: მალინოვსკი (84')

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მეორე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ბუქარესტში ერთმანეთს, პირველ ტურში დამარცხებული უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

უშუალოდ ევრო 2020-თან დაკავშირებული მიზნების გარდა, ამ მატჩში უკრაინა ევროპის ჩემპიონატებზე წაგებათა 6-მატჩიანი სერიის დასრულებასაც იმედოვნებდა. ჩრდილოეთ მაკედონიას კი, რომელმაც მისთვის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირის საგზური საქართველოს ნაკრების დამარცხებით მოიპოვა, ისტორიული ქულის (ქულების) აღებაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო - უკრაინელებმა შეხვედრა ანდრეი იარმოლენკოსა და რომან იარემჩუკის გოლებით მოიგეს და პლეი ოფისკენ ნაბიჯი გადადგეს.

ანდრეი შევჩენკო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე სიურპრიზით შეხვდა. დაცვის ხაზის ოთხეული იგივე დარჩა. ნახევარმცველმა ზინჩენკომ მარცხნივ გადაინაცვლა, შაპარენკომ კი - მარჯვნივ. საყრდენის პოზიციაზე მწყობრში დაბრუნებული სტეპანენკო გამწესდა, ცენტრფორვად იარემჩუკს კი ფლანგებიდან იარმოლენკო და მალინოვსკი დაეხმარებოდნენ.

იგორ ანგელოვსკიმ თავის გუნდში, ავსტრიასთან მატჩის (1:3) შემდეგ სულ ერთი ცვლილება განახორციელა. ჩრდილოეთმაკედონიელთა თავკაცმა ტრაიკოვსკი სპიროვსკით შეცვალა, რაც ტაქტიკური ნაბიჯით აიხსნა - აეკ-ის ფეხბურთელი შუა ხაზში მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებდა და შედეგად, ელიფ ელმასი თავდასხმაში გამწესებული კაპიტნისა და ლიდერის, გორან პანდევის დასახმარებლად აიწევდა.  

იარმოლენკომ ნიდერლანდების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიასაც გაუტანა

ბუქარესტის "ნაციონალზე" თამაში უკრაინელთა შტურმით დაიწყო და პირველ წუთებში კარგი მომენტები იარმოლენკოს, მალინოვსკისა და იარემჩუკს ჰქონდათ, ანგარიში კი 29-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიხსნა - გატანა ანდრეი იარმოლენკომ, კარავაევის ეფექტური პასის შემდეგ მოახერხა - 1:0.

უკრაინის ნაკრების კაპიტნი რამდენიმე წუთში უკვე საგოლე პასითაც გამოირჩა და თამაშგარის ზღვარზე მოთამაშე რომან იარემჩუკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა შანსი გამოიყენა - 2:0.

ლიდსის მცველმა 11-მეტრიანიდან მხოლოდ მეორე ცდიდან გაიტანა

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკედონიელებმა სხვაობის შემცირების შანსი მიიღეს და გამოიყენეს კიდეც. გორან პანდევზე უხეშობისთვის, ალეკსანდრ კარავაევმა არბიტრს უკრაინელთა კარში პენალტი დაანიშნინა. გეორგი ბუშჩანმა ეზგარ ალიოსკის პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ხელი ვეღარ შეუშალა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი დაძაბული გამოვიდა. არადა, 11-მეტრიანი უკრაინის სასარგებლოდაც დაინიშნა და შევჩენკოს შეგირდებს შეეძლოთ, ანგარიშში უპირატესობა კომფორტული გაეხადათ. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, არგენტინელმა არბიტრმა ავრამოვსკისზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, მაგრამ რუსლან მალინოვსკიმ სტოლე დიმიტრიევსკის ვერ აჯობა. 

ბუქარესტის სტადიონზე  უკრაინელმა ქომაგებმა ნაკრების გამარჯებით გაიხარეს 

ხელიდან გაშვებული შანსის მიუხედავად, მალინოვსკი მატჩის ანტიგმირად მაინც არ იქცა. ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა დარჩენილ დროში მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცეს და ნანატრი გამარჯვება იზეიმეს. 

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 21 ივნისს, უკრაინის ნაკრები ავსტრიას ეთამაშება, ჩრდილოეთ მაკედონია კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. შევჩენკოს გუნდს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, იანგელოვსკის შეგირდები კი ამაზე ოცნებას ბოლო ტურამდეც დაემშვიდობებიან, თუკი ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიასთან არ წააგებს.  

TOP - ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა)

ანდრეი შევჩენკოს გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მისმა კაპიტანმა შეიტანა. ვესტ ჰემის 31 წლის ფორვარდმა უკრაინელთა ორივე გოლში წვლილი შეიტანა - ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი გრძელი და დროული პასით მეკარესთან პირისპირ რომან იარემჩუკი გაიყვანა. შეტევაში შედეგიანი თამაშის გარდა, იარმოლენკო თავის ნაკრებს დაცვაშიც ეხმარებოდა. 

FLOP - რუსლან მალინოვსკი (უკრაინა)

ზოგადად, ატალანტას 28 წლის ნახევარმცველს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ მატჩის მიწურულს, როდესაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია და უკრაინელებისთვის 3 ქულის მოპოვება საეჭვო გახდა, მალინოვსკიმ 11-მეტრიანი ნიშნულიდან კარგად ვერ დაარტყა. შედეგად, უკრაინის ნაკრებს უმძიმესი წუთების გადატანა მოუხდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პენალტი უკვე ხუთჯერ დაინიშნა და მათგან მხოლოდ ერთია რეალიზებული.

📌 ჯერჯერობით 11-მეტრიანიდან დარტყმით გატანა მხოლოდ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ შეძლო.

📌 უკრაინის ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მესამედ გამოდის, 
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებით ამ ტურნირზე წაგებათა 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა. 

📌 ანდრეი იარმოლენკომ და რომან იარემჩუკმა უკრაინის ნაკრების მაისურით ზედიზედ მესამე მატჩში შეძლეს გატანა - მანამდე ისინი გოლებით ნიდერლანდებსა და კვიპროსთანაც გამოირჩნენ.

უკრაინა 2:1 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 იარმოლენკო (29’), 2:0 იარემჩუკი (34’), 2:1 ალიოსკი (პენ.57').

გამოუყენებელი პენალტი: მალინოვსკი (84')

უკრაინა (4-1-4-1): ბუშჩანი - კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო - სტეპანენკო - იარმოლენკო (70' ციგანკოვი), შაპარენკო (78' სიდორჩუკი), ზინჩენკო, მალინოვსკი (90' სობოლი) - იარემჩუკი (70' ბესედინი).

ჩრდ.მაკედონია (3-4-1-2): დიმიტრიევსკი - რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ - ნიკოლოვი (46' ტრაიკოვსკი), ადემი, სპიროვსკი (46' ჩურლინოვი), ალიოსკი - ბარდი (77' ავრამოვსკი) - პანდევი, ელმასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები