Thumbnail

ფანტასტიკური თავგადასავლის დასასრული | ჯიჯი ბუფონი იუვეში ბოლო მატჩს ჩაატარებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 40 წლის მეკარემ იუვენტუსის დატოვების გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე გამოაცხადა
  • ბუფონი იუვენტუსის მაისურით ბოლო შეხვედრას 19 მაისს ჩაატარებს
  • იტალიელის მიწვევით ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლივერპულია დაინტერესებული

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის მაისურით ბოლო მატჩს 19 მაისს, ტურინში ჩაატარებს - სერია A-ს დასკვნითი ტურის შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრის გუნდი ვერონას უმასპინძლებს.

სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის იუვენტუსთან განშორების გადაწყვეტილების შესახებ ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ დღეს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. 

"შაბათს ჩემი ბოლო თამაში იქნება იუვენტუსში. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური თავგადასავლის საუკეთესო დასასრული იქნება. ჩემი მომავალი? გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, იმისდა მიხედვით მივიღებ, რასაც გული მიკარნახებს. ორი კვირის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთოდ დავასრულებდი ფეხბურთელის კარიერიას, მაგრამ ახლახან რამდენიმე საინტერესო წინადადება მივიღე", - თქვა 40 წლის გოლკიპერმა პრესკონფერენციაზე. 

ჯერ კიდევ აპრილში ვრცელდებოდა ხმები, რომ ბუფონი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებდა და კარიერას არგენტინულ ბოკა ხუნიორსში გააგრძელებდა. რამდენიმე დღის წინ კი გაჩნდა ცნობა, რომ ვეტერანი იტალიელი მეკარის მიწვევით ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია დაინტერესებული.

ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 1995 წელს, პარმაში შედგა. 1999 წელს გუნდთან ერთად მან იტალიის თასი, ქვეყნის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო.

მეკარე ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს, რომელთან ერთადაც იტალიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა (კიდევ ორი ტიტული იუვენტუსს ჩამოართვეს), 4-ჯერ იტალიის თასი მოიგო, 5-ჯერ კი - იტალიის სუპერთასი. აღსანიშნავია, რომ ჯიჯი გუნდთან ერთად სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2003, 2015 და 2017 წლებში), მაგრამ ტიტული ვერცერთხელ მოიგო. 

იტალიის ნაკრებთან ერთად ბუფონი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 22-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯიჯის ჯამში 26 ტიტული აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები