Thumbnail
  • 📅 18 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ინგლისი V შოტლანდია  | 📺 1 არხი
  • მაყურებელი ისტორიული დაპირისპირების მოლოდინშია
  • შოტლანდიამ უარეს შემთხვევაში ქულა მაინც უნდა აიღოს
  • ინგლისელები მოგებით მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებენ
  •  ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ძველი, კარგად ნაცნობი "მტრები" ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე გადაეყარნენ. საფეხბურთო მექაში, "უემბლიზე", ინგლისი შოტლანდიას დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მატჩი.

მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო სპორტული მატჩი, რომელიც ფიფამ აღიარა, 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, სადაც ერთმანეთს სწორედ შოტლანდიისა და ინგლისი ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. მაშინ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ბრიტანელების ისტორიული დაპირისპირება კი დღემდე გრძელდება.

ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე აქამდეც შეხვედრიან - 25 წლის წინ, კონტინენტის პირველობაზე. მას შემდეგ სკოტები ევროზე პირველად თამაშობენ. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისმა შოტლანდიის წინააღმდეგ პოლ გასკოინის და ალან შირერის გოლებით 2:0 მოიგო. ამ საუკუნეში შოტლანდიამ ინგლისის დამარცხება ვერ შეძლო. ბოლოს სკოტებმა პრინციპული მეტოქე 1999 წელს, 1:0 დაამარცხეს, ხოლო ბოლო 4 შეხვედრაა, ინგლისელები არ მარცხდებიან. ბოლო მატჩი კი 2017 წელს ფრედ 2:2 დასრულდა.

გარდა საფეხბურთო ამბებისა, შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. შოტლანდია დიდი ხანია ცდილობს, გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს. 2014 წელს სკოტებმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმიც ჩაატარეს, თუმცა კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩებიან. ისტორიულად, ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს სულ ებრძოდა. მოკლედ ყველაფერია იმისთვის, რომ შეხვედრა დაძაბული გამოდგეს.

კალვინ ფილიპსი ხორვატიის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს განსაკუთრებული მატჩია. კარგია, რომ ამ შეხვედრას უემბლიზე ჩავატარებთ. ეს ყველაფერი სხვა დინამიკას მატებს ჯგუფს, რომელშიც ვართ."

სტივ კლარკი (შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს ძალიან ისტორიული ამბავია. ხალხი ამბობს, რომ ინგლისელებისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვიცი, რომ მათთვის ეს მატჩი ბევრს ნიშნავს. ინგლისელებს არ სურთ, რომ შოტლანდიასთან წააგონ და ეს პირიქითაც ასეა. თქვენ იცით, რამდენად მგრძნობიარეები ვართ და რამდენად გვსიამოვნებს, როდესაც ინგლისს ვამარცხებთ. ბოლო დროს კი ეს ხშირად არ ხდება."   

საუთგეიტის გუნდმა წინა შეხვედრაში სანახაობრივი ფეხბურთი ვერ შემოგვთავაზა, თუმცა ხორვატიას სტერლინგის გოლით მოიგო და ტურნირი გამარჯვებითა და სამი ქულით დაიწყო. ცუდი შთაბეჭდილება დატოვა სტივ კლარკის შოტლანდიამ, რომელიც ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა.

სატურნირო მნიშვნელობით, ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. საუთგეიტის გუნდი მოგების შემთხვევაში მერვედფინალური ეტაპის საგზურს გაინაღდებს. შოტლანდიას ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს. ჩეხეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, თუ კლარკის გუნდი ინგლისთანაც დამარცხდება, ბოლო ტურში ხორვატიასთან მატჩი ელის, რომელმაც თავის მხრივ საუთგეიტის გუნდთან წააგო და ახლა ჩეხეთს ხვდება. მოკლედ, თუ სკოტებს ჯგუფიდან გასვლა უნდათ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ისტორიულ მეტოქესთან ფრე მაინც უნდა ითამაშონ.

საკადრო პრობლემების მხრივ არცერთ გუნდს პრობლემა არ აქვს. წინა ტურში კირან ტირნი შოტლანდიას ვერ ეხმარებოდა, ახლა კი სავარაუდოდ, იგი ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, რაც კლარკის გუნდისთვის ძალიან კარგი ამბავია. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ჯეკ გრილიშის თამაში, თუმცა სავარაუდოდ ისიც იქნება. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს შოტლანდიასთან 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
სკოტებმა ინგლისს ბოლოს 1999 წელს მოუგეს.

⚽ გარეთ საუთგეიტის გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან შვიდივე მოიგო და ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2-ში დამარცხდა.

⚽ ინგლისმა ბოლო სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგო.

⚽ საუთგეიტის გუნდმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა (პოლონეთისგან).

⚽ კლარკის გუნდმა ბოლო 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოიგო.

⚽ 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ნაკრებები ევროზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

⚽ ენდი რობერტსონმა ჩეხეთის წინააღმდეგ 6 საგოლე შანსი შექმნა.

⚽ შოტლანდიის ნაკრები 1998 წლის მუნდიალის შემდეგ დიდ საფეხბურთო ფორუმზე პირველად თამაშობს. 

⚽ სკოტები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მესამედ თამაშობენ (1992, 1996 და 2021), სადაც სულ 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი მინგსი, შოუ - პილიფსი, რაისი, მაუნტი - სტერლინგი, კეინი, გრილიში.

შოტლანდია (3-5-2): მარშალი - ჰენდრი, ჰენლი, ტირნი - ფორესტი, მაკტომინეი, მაკგინი, მაკგრეგორი, რობერტსონი - არმსტრონგი, ადამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები