Thumbnail

'აუცილებლად დავბრუნდები' - სერხიო რამოსი რეალიდან ცრემლებით წავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მადრიდის რეალში სერხიო რამოსის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფეხბურთელის გარდა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრო.

რამოსმა ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა, რომ ადრე თუ გვიან, მადრიდულ გრანდში აუცილებლად დაბრუნდება. მან მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელობას და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში უმძიმესი დღეა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ერთი-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ადამიანი რეალის დასატოვებლად მზად არასდროს ხარ. ღმერთის წყალობით, დიდი ოჯახი მყავს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს და ჩემს ძმებს, რადგან ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. მადლობას ვუხდი კლუბს და პრეზიდენტს იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემდამი გამოიჩინეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ვინც რეალში მუშაობდა და მუშაობს. შეუძლებელია, ემოციების გარეშე თქვენი სახეების დანახვა. მადლობა ფანებს, მინდოდა მათ "ბერნაბეუზე" დავმშვიდობებოდი. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.

ჩემი ცხოვრების უნიკალური თავი იხურება. არასდროს არაფერი იქნება ისეთი, რაც აქ განვიცადე. მინდა, თამაში უმაღლეს დონეზე გავაგრძელო და კიდევ რამდენიმე ტიტული მოვიგო. დიდი მადლობა ყველას! ნახვამდის. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავბრუნდები", - თქვა რამოსმა.

რამოსი ოჯახთან ერთად

ლეგენდარულ მცველს ფლორენტინო პერესმა მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის ყოველთვის დარჩება კლუბის ისტორიაში: "დღეს ყველასთვის სენტიმენტალური და ემოციური დღეა, მათ შორის ჩემთვის. არასდროს დამავიწყდება, როდესაც აქ 18 წლის ასაკში მოხვედი და წარგადგინე, როგორც რეალის ფეხბურთელი. ვიცოდით, რომ ეპოქას შექნიდი და ეჭვგარეშეა, რომ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა ხარ. ყოველთვის მადრიდისტების გულში იქნები, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ კლუბისთვის გააკეთე."

კითხვაზე, რა უნდა მომხდარიყო იმისათვის, რომ რამოსი რეალში დარჩენილიყო, სერხიომ ასე უპასუხა: "ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რეალ მადრიდიდან წასვლა არასდროს მინდოდა. ყოველთვის აქ დარჩენა მსურდა და ეს იყო ჩემი პრიორიტეტიც და მენტალიტეტიც. რამდენიმე დეტალი: შარშან, ჩემპიონობის შემდეგ კლუბმა კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა. კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაფერი გაიწელა და ეს ამბავიც გადავდეთ. კლუბმა შემომთავაზა ერთწლიანი კონტრაქტი და ხელფასის შემცირება. მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ ფული არასდროს ყოფილა პრობლემა. ჩემი მხრიდან ფინანსური საკითხები არ ყოფილა მთავარი, მნიშვნელობას წლებს ვანიჭებდი. მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მე კი ორწლიანის გაფორმება მსურდა. ჩემს ოჯახს და მე გვინდოდა, გვცოდნოდა, სად ვითამაშებდი ორი წლის განმავლობაში, ფული პრობლემა არ ყოფილა. ხელფასის დაკლებას დავთანხმდი და მერე მითხრეს, რომ წინადადება ძალაში აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დავთანხმდი ბოლო წინადადებას, მითხრეს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო გასული იყო. მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი."

'ბოლოს შემოთავაზებას დავთანხმდი, მათ კი მითხრეს, რომ დრო გავიდა'

ასეთი კომენტარის შემდეგ რამოსს სთხოვეს, უფრო დეტალურად განემარტა ყველაფერი, მაგრამ ეტყობოდა, რომ სკანდალური სიტყვებით დამშვიდობება არ სურდა: "ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი. როგორც გითხარით, ბოლოს შემოთავაზებას დავთანხმდი, მათ კი მითხრეს, რომ დრო გავიდა. იძულებული გავხდი, ეს რეალობა მიმეღო. მაგრამ ვამაყობ იმით, რასაც აქ მივაღწიე." - დასძინა რამოსმა.

ამის შემდეგ იყო კითხვა, ფიქრობს თუ არა სევილიაში გადასვლაზე, ან წარმოუდგენია თუ არა ბარსელონაში თამაში. რამოსი: "ჯერ არ მიფიქრია იმაზე, თუ სად წავალ. კონტრაქტის გამო იანვრიდან შემეძლო მოლაპარაკებები, მაგრამ რეალიდან წასვლაზე არ მიფიქრია. ახლა ჩემთვის კარგ ვარიანტს ავარჩევ. სევილიაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. რაც შეეხება ბარსას: ნამდვილად, არა! შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ."

'ბარსელონაში ნამდვილად არ წავალ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ'

რამოსს პერესთან უერთიერთობაზეც ჰკითხეს. მისი პასუხი: "როცა სერხიო რამოსი თავისთან მიჰყავთ, მას თავისი პლუსები და მინუსები მოყვება. მე საკუთარ თავში არაფერს შევცვლიდი. პირველიდან ბოლო დღემდე მე მხოლოდ მე ვიქნები. ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტთან ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო. ეს იყო მამაშვილური ურთიერთობა სპორტულ დონეზე. ყოველთვის პერესის მადლობელი ვიქნები იმისათვის, რომ ოცნება ამისრულა და მადრიდში წამიყვანა. ეს ყოველთვის მემახსოვრება. მის საწინააღმდეგოს არაფერს ვიტყვი, რადგან ოჯახებშიც ყოველთვის არის დისკუსიები. მასთან პირადი საუბრების გასაჯაროებას არ ვაპირებ - პატივს ვცემ ამ კლუბს, ჩემს პრეზიდენტს და საკუთარ თავს. ეს ძალიან პირადული საკითხებია. დროის გასვლის ამბავი ჩემი მრჩევლისგან შევიტყვე, ერთი კვირის წინ და გაოცებულები ვიყავით. ჩემთვის ულტიმატუმი არავის არასდროს წამოუყენებია."

მადრიდის რეალმა სერხიო რამოსი 2005 წლის ზაფხულში სევილიადან შეიძინა. 35 წლის ფეხბურთელმა "ბლანკოსის" მაისურით 671 თამაშში 101 გოლი გაიტანა და 22 ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას სერხიო რამოსი - ესპანური მედიის ინფორმაციით, იგი ან მანჩესტერ სიტიში გადავა, ან მანჩესტერ იუნაიტედში და ანაც პარი სენ-ჟერმენში.

კომენტარები

ბოლო ამბები