Thumbnail

ჯოკოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთ ქართველს უთამაშია! სად არის ახლა გიორგი ჭანტურია

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • გიორგი ჭანტურიამ სერბ მეტოქესთან დევისის თასზე ითამაშა
  • ახლა იგი აშშ-ში ცხოვრობს და წარმატებული საჯარო ბუღალტერია

გუშინ, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეში დამარცდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩს 2 სეტში ჯამში 6 გეიმი მოუგო და ასპარეზობა დაასრულა. ბასილაშვილი არ იყო პირველი ქართველი, ვისაც ჩოგბურთის სერბ ლეგენდასთან მოუწია თამაში...

2007 წელს, ბელგრადში, ერთმანეთს სერბეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. დევისის თასის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში ეროვნული გუნდის ღირსებას, ლადო ჩიხლაძესთან ერთად, ახალგაზრდა გიორგი ჭანტურია და გიორგი ხრიკაძე იცავდნენ. მათთან ასევე იმყოფებოდა ირაკლი ლაბაძეც. ახლა ჭანტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საერთოდ სხვა საქმით არის დაკავებული. ნოვაკთან თამაშს, ბელგრადში განვითარებულ მოვლენებს, იგი დღესაც სიამოვნებით იხსენებს.

ჯოკოვიჩი და ჭანტურია დევისის თასის წილისყრაზე

პოპსპორტი: შენი და ჯოკოვიჩის მატჩის წინა პერიოდი რომ გაიხსენო... ნაკრების შემადგენლობაში როგორ აღმოჩნდი და რა გრძნობა იყო, როდესაც გაიგე, სად და ვის წინააღმდეგ უნდა გეთამაშა?

ჭანტურია: 2007 წლის 6-8 აპრილს გაიმართა სერბეთი-საქართველოს დევისის თასი. ეს იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 2006 წელს პირველად გადალახა ევრო აფრიკის მეორე ჯგუფი. 2007 წელი ჩემი მეორე წელიწადი იყო გუნდში, როდესაც უდავო პირველ-მეორე მოთამაშეებთან ერთად ვმოგზაურობდი. გუნდში ორი ადგილი ლაბაძე-ჩიხლაძეს გარანტირებული ჰქონდათ და ერთი ადგილი დაწესდა იმისთვის, ვინც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა. ეს შეჯიბრი სამჯერ მოვიგე. პირველად 16 წლის ვიყავი, თუმცა მესამე წელს დევისის თასზე ვეღარ ვითამაშე, რადგან გადავწყვიტე, ამერიკაში განათლება მიმეღო და უნივერსიტეტშორისი ჩოგბურთი მეთამაშა.
 
2007 წლის თებერვალში დამირეკა გუნდის მწვრთნელმა გელა ელერდაშვილმა და მითხრა, რომ ირაკლი ლაბაძის ხელის ტრავმა სერიოზული იყო და ის ვერ შეძლებდა სერბეთთან თამაშს. ეს ნიშნავდა იმას, რომ მე გუნდის მეორე ნომერი ვიქნებოდი. ეს უკვე დიდი პატივი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველ დღეს მომიწევდა თამაში კაცთან, რომელსაც უკვე ნადალ-ფედერერთან მოგებები ჰქონდა...

მაშინ პატარა ვიყავი და არც არის გასაკვირი, რომ ბავშვივით მიხაროდა ეს შესაძლებლობა - მეცადა ძალა ჯოკოვიჩთან. ჩოგბურთის მხოლოდ თამაშით არ ვარ გატაცებული, მისი ისტორია ვიცი. კარგად ვხვდებოდი, როგორ „გამიმართლა“. რაც ნოვაკმა მოგვიანებით გააკეთა ჩოგბურთის ისტორიაში, ამას მაშინ ვერ მიხვდებოდი, მაგრამ ის, რომ ძალიან დიდი ჩოგბურთელი იქნებოდა ეგ უკვე ცხადი იყო.

პოპსპორტი: უშუალოდ კორტზე რა მოხდა? ალბათ რთულია ასეთი დონის მეტოქეს საკუთარი პუბლიკის წინ ეთამაშო...

ჭანტურია: სერბეთში თამაში მიწის საფარზე იყო, რომელიც ბელგრადის პარტიზანის სტადიონზე იყო დაგებული; რაკი ის მოკლე დროში გაკეთდა, კორტის ხარისხი დაბალი იყო - ძალიან რბილი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ყველაფერს ვაკეთებდი, მისი საბოლოო შედეგი რთული გამოსაცნობი არავისთვის იყო... მქონდა გეგმა, მეთამაშა თავისუფლად და მინიმუმ კარგი მოგონებები დამრჩენოდა.

საქართველოს დელეგაცია დევისის თასზე

არ დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს და კორტზე გავედი. მახსოვს, მოვტრიალდი, თითქოს მჭირდებოდა დამერწმუნებინა ჩემი თავი იმაში, რომ ეს ის ჯოკოვიჩი იყო, ხუთი დღით ადრე მაიამის მასტერსი რომ მოიგო და ტელევიზორში რომ მთელი კვირა ვუყურე.

თამაში დავიწყეთ და მახსოვს: პირველი ქულა რომ მოვიგე, მესამე გათამაშება იყო. მახსოვს, მისი მოწოდება პირველად რომ მივიღე და მის მეორე მოწოდებაზე რომ შევუტიე - ეს ალბათ იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ კორტი რბილი იყო, რაც ბურთს ამძიმებდა, მისი კიკ მოწოდება ნორმალურ სიმაღლეს ვერ კრეფდა, მაგრამ მე ეგ სულაც არ მაინტერესებდა - ოღონდ ამოსუნთქვის საშუალება მქონოდა. რა თქმა უნდა, მან მატჩის სადავეები ხელში ჩაიგდო და მე თავდაცვაში მომიწია ყოფნა. როცა ჩემ მოწოდებაზე გეიმის 0:40-დან აღება შევძელი, ამან გამახარა და დამაკმაყოფილა.

ბოლოს და ბოლოს, მას ენდი მარისთან ჰქონდა 6:0, 6:1 მოგებული - სულ რამდენიმე დღის წინ. პირველი სეტი 1:6 წავაგე და მეორე სეტის მეორე გეიმში მის მოკლე ბურთზე ფეხი საკმაოდ ცუდად ამოვიბრუნე. ამ ტრავმამ კორტს 4 თვით მომწყვიტა! თამაშის შეწყვეტა არ მინდოდა, დიდ სიამოვნებას ვიღებდი, არ მინდოდა დანებება მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის დროშას ვატარებდი. საბოლოდ, ერთ-ერთ შესვენებაზე ლეილა მესხმა მითხრა, რომ სჯობდა შემეწყვიტა, რადგან მატჩის დამთავრებას მინიმუმ სამი სეტი სჭირდებოდა და მე ვკოჭლობდი.

მატჩის შემდეგ, პრესასთან საუბრისას ნოვაკს გადავეყარე, სადაც მან თავისი ადამიანური თვისებები გამოავლინა, მაგრამ ყველაზე ძალიან ის მესიამოვნა, როდესაც მან ჩემს ჩოგბურთის მომავალზე ძალიან გულუხვად ისაუბრა. მაშინ მე კარიერის გზაგასაყაარზე ვიყავი, სამ დღეში ამერიკაში მივფრინავდი ერთ-ერთი უნივერსტეტის სანახავად.

კიდევ ერთი რამ, რაც ბელგრადში მოხდა: მახსოვს ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც ყოველდღე მეკითხებოდა, თუ როგორ მიდიოდა ჩემი გამოჯამრთლების პროცესი. ეს ყველაფერი ცოტა მომაბეზრებელიც კი გახდა და ბოლო დღეს, როდესაც ვტოვებდით სასტუმროს, მან ნოვაკს დაუძახა. აღმოჩნდა, რომ ის თურმე მამამისი ყოფილა! ეს უბრალოდ მინდოდა მომეყოლა, რადგან მას მსოფლიო ჩოგბურთის წრეებში ძირითადად იწუნებენ.

პოპსპორტი: ბასილასშვილი-ჯოკოვიჩის დაპირისპირებას როგორ შეაფასებდი? რა შანსი ჰქონდა ქართველ ჩოგბურთელს და ჰქონდა თუ არა იგი საერთოდ?

ჭანტურია: შანსი ჰქონდა. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ნოვაკი მენტალურად საკმაოდ დასუსტებულია სხვადასხვა მიზეზთა გამო, რასაც სპეკულაციები არ აკლია. ნიკას აქვს უნარი, ნებისმიერი ჩოგბურთელი დაამარცხოს და ეს არაერთხელ დაამტკიცა ყველასთნ - გარდა დიდი ოთხეულის ჩოგბურთელებისა, რომელშიც ნოვაკი, რა თქმა უნდა, შედის. მე თამაშს სამწუხაროდ ვერ ვუყურე, მაგრამ დიდი ალბათობით, ნოვაკმა გამოცდილებით და იმით მოიგო, რომ ნიკას შეცდომების დაშვებას აიძულებდა.

მიხარია, რომ საქართველოში ისევ გამოჩნდა ჩოგბურთელი, რომელმაც საქართველო მსოფლიო ჩოგბურთის რუკაზე გამოაჩინა. არ დავიწყებ საუბარს იმაზე, რომ ფედერაცია რაღაცებს უნდა აკეთებდეს, თუ არა - მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ერთი რამ, რაც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ იმ ოჯახებს ვუთხრათ მადლობა, რომლებმაც გადადეს ყველაფერი, რათა მათ შვილებს ქვეყანა ესახელებინათ.

პოპსპორტი: ცოტა ადამიანმა იცის აშშ-ში წასვლის შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა. რამდენი ხანი ითამაშე და რა წარმატებები გქონდა?

ჭანტურია: ამერიკაში ოკლაჰომას უნივერსტეტში წავედი, სადაც საჩოგბურთო მიმართულებით საკმაოდ დიდ შედეგებს მივაღწიეთ: გუნდი პირველად გავიდა Elite 8-ში, სადაც მე-4, მე-5, და მე-6 ნომერი ვიყავი. სწავლა დავასრულე დეპოლის უნივერსტეტში, სადაც ვიყავი გუნდის 1-2 ნომერი და სადაც ავიღე ბიზნეს-დიპლომი ბუღალტერიის განხრით, რის შემდეგაც გავიარე გამოცდების მთელი კასკადი და გავხდი საჯარო ბუღალტერი.

ჭანტურია და მისი მწვრთნელი ჯონ როდიკი (ენდი როდიკის ძმა)

პოპსპორტი: ახლა რას საქმიანობ?

ჭანტურია: უკვე ოთხი წელია, Deloitte-ში ვმუშაობ. ეს აუდიტორული/საგადასახადო კონსულტაციების ფირმაა. ძირითადად მყავს ამხანაგობები და ინდივიდუალი კლიენტები, ხოლო თბილისს რეგულარულად ვსტუმრობ. ხანდახან ჩოგბურთშიც ვავარჯიშებ - განსაკუთრებით თბილ თვეებში და ამას ალბათ არასდროს შევწყვეტ.

სამ დღეში საფრანგეთის ღია საჩოგბურთო პირველობა იწყება. ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსზეც ბუნებრივია ფავორიტთა შორის არის.

კომენტარები

ბოლო ამბები