Thumbnail

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა. რობერტო მანჩინის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვეიცარაიას სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა მისი წაუგებელი სერია 29 მატჩს შეადგენს.

მატჩის შემდეგ "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თამაში შეაფასა:

"კარგად ვითამაშეთ. ძალიან რთული მატჩი იყო. შვეიცარია ფიზიკურად ძლიერი გუნდია. დასაწყისში გარკვეული პრობლემები გქონდა, მაგრამ შემდეგ თამაში დავალაგეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. გამარჯვებულის საკითხის გადაწყვეტა უფრო ადრეც შეგვეძლო, რადგან არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ ნორმალურია, როდესაც ყველა დარტყმა გოლით არ მთავრდება. ამასთან ერთად, ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს ბიჭებმა.

ლოკატელიმ ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველისთვის ორი გოლის გატანა ასე იოლი არაა. პირველი გოლის შემთხვევაში ბრწყინვალე კომბინაცია გამოგვივიდა, მეორე კი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო. მთელი გუნდი დიდებული იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მეორე თამაშია ბოლო ხუთ დღეში, გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა".

მანუელ ლოკატელიმ მწვრთნელისგან კომპლიმენტი დაიმსახურა

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ იმდეგაცრუებული იყო შვეიცარიის ნაკრების თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი: 

"დღეს გუნდის თითოეული ფეხბურთელი იმედგაცრუებული იქნება შედეგით, მაგრამ ხვალიდან მორიგ სავარჯიშო პროცესთან ერთად ახალი ეტაპი დაიწყება. დაველაპარაკე გუნდს და ვუთხარი, რომ წინ ერთი მატჩი გვაქვს და მხოლოდ 3 ქულას შეუძლია ჩვენი შემდეგ რაუნდში გაყვანა".

რომში გამართულ შეხვედრას იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტაც გამოეხმაურა:

"რა თამაში აჩვენა იტალიამ! ამ არცთუ იოლ დაპირისპირებაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიზანი მიღწეულია - იტალია პლეი ოფშია! ტურნირში გუნდის გამოსვლაზე დიდი მოლოდინი აქამდეც მქონდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტს ველი. ბიჭებო, ასე გააგრძელეთ თამაში და მოგვეცით ოცნების საშუალება! მოუთმენლად ველი მომდევნო შეხვედრას, რათა ნაკრების თამაში საკუთარი თვალით კიდევ ერთხელ ვიხილო".

იტალიის ნაკრებმა შვეიცარია მანუელ ლოკატელისა (დუბლი) და ჩირო იმობილეს გოლებით დაამარცხა (3:0) და 6 ქულით A ჯგუფის ლიდერია. შვეიცარიის ნაკრებს ქულა აქვს და მესამეა.  რობერტო მანჩინის გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს 20 ივნისს, უელსის (4 ქულა) წინააღმდეგ გამართავს, პეტკოვიჩის შეგირდები კი თურქეთს (0) დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები