Thumbnail

რომის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მე-2 ტური დასრულდა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იტალიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მანჩინის გუნდმა საოცარი ფეხბურთი აჩვენა, ყველაფერში დაჩაგრა მეტოქე და პლეი ოფი გაინაღდა. თავი განსაკუთრებით სასუოლოს ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ გამოიჩინა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში უელსის ნაკრებმა ბაქოში 2:0 მოუგო თურქეთის ნაკრებს. "სკუადრა აძურას" 6 ქულა აქვს, უელსის ნაკრებს - 4, შვეიცარიას 1, ხოლო თურქეთი უქულოდაა. 

შვეიცარიის ნაკრები ზუსტად იმ 11-ეულით გავიდა სათამაშოდ, როგორც პირველ ტურში უელსთან მატჩში. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთი ცვლილება იყო, დი ლორენცომ თავიდანვე დაიწყო დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფლორენცის ნაცვლად.

იტალიის ნაკრებმა ჰიმნი ტრადიციულად, აღმაფრენით შეასრულა

თამაში იტალიის ნაკრების ინტენსიური შეტევებით დაიწყო. როგორც პირველ მატჩში, ძალზე აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე სპინაცოლა. მე-19 წუთზე ჯორჯო კიელინიმ გოლი გაიტანა, თუმცა VAR-მა ის ხელით თამაშისთვის გააუქმა. მალევე კაპიტანს მოედნის დატოვება მოუწია ტრავმის გამო, კიელინი აჩერბიმ შეცვალა.

26-ე წუთზე ბერარდიმ ლოკატელის გაატანინა

იტალიელთა იერიშები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, 26-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, მარჯვენა ფრთიდან ბერარდიმ ჩააწოდა და ლოკატელიმ ახლო მანძილიდან გაიტანა. მალე გოლის გატანა ინსინიესაც შეეძლო. პირველ ტაიმში შანსების მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა.

პეტკოვიჩმა თამაშიდან სრულიად გამოთიშული სეფეროვიჩი გავრანოვიჩით შეცვალა. იტალიამ მალევე გაიტანა - ლოკატელიმ დუბლი შეასრულა, ამჯერად, ბარელას საგოლე პასის შემდეგ. 

მეორე ტაიმის დასაწყისში მანუელ ლოკატელიმ დუბლი შეასრულა

ინსინიესა და ბერარდის შეცვლის შემდეგ იტალიის ნაკრების შეტევების ინტენსივობა შემცირდა, თუმცა მანჩინის გუნდი კვლავ სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. მატჩის მიწურულს ჩირო იმობილემ შორი მანძილიდან გაუტანა ზომერს და ევრო 2020-ზე თავისი მეორე გოლი გაიტანა.

TOP - მანუელ ლოკატელი (იტალია)

მარკო ვერატის არყოფნაში სასტარტოში დამკვიდრდა, მაგრამ ისე ითამაშა, მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაჭირდება - დუბლი ევროპის ჩემპიონატზე 23 წლის ასაკში!

FLOP - ბრელ ემბოლო (შვეიცარია)

ის პირველ ტურში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შვეიცარიის ნაკრების ფანებს იტალიასთან მისი დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ იტალიელმა მცველებმა ემბოლოს, რომელიც ცდას არ აკლებდა, გასაქანი არ მისცეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 შვეიცარიის ნაკრებმა აქამდე რომში 4-ჯერ ითამაშა იტალიის წინააღმდეგ - 1 მოგება, 3 მარცხი.

📌 შვეიცარია იტალიას 59-ჯერ ეთამაშა, ყველაზე მეტჯერ შვეიცარიის ნაკრები სწორედ "აძურას" ეთამაშა.

📌 ჯორჯო კიელინიმ მე-14-ედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატებზე, რაც იტალიის ნაკრებში საუკეთესო შედეგია თუ არ ჩავთვლით მეკარეებს.

📌 მანუელ ლოკატელის გოლები იტალიის ნაკრების ზედიზედ 29-ე და 30-ეა საპასუხო გოლის გარეშე.

📌 მანუელ ლოკატელი სულ მესამე იტალიელია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა: პირლუიჯი კაზირაგისა და მარიო ბალოტელის შემდეგ.

📌 სასუოლოს ნახევარმცველი ჯერჯერობით ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ევრო 2020-ზე გაიტანა - 23 წლისა და 159 დღის.

იტალია 3:0 შვეიცარია

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (24. აჩერბი), სპინაცოლა - ბარელა (87, კრისტანტე), ჟორჟინიო, ლოკატელი (86. პესინა) - ბერარდი (70. ტოლოი), იმობილე, ინსინიე (69. კიეზა)

შვეიცარია (3-4-3): ზომერი - ელვედი, შერი (58. ცუბერი), აკანჯი - მბაბუ (58. ვიდმერი), ფროილერი (84. სოუ), ჯაკა, როდრიგესი - სეფეროვიჩი (46. გავრანოვიჩი), შაჩირი (76. ვარგასი), ემბოლო  

კომენტარები

ბოლო ამბები