Thumbnail

კრისტიან ერიკსენი გადარჩა! დანიელებისთვის მთავარი ამბავი სწორედ ეროვნული გუნდის ლიდერის ჯანმრთელობის საკითხია.

რთული წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იყვნენ და არიან დანიის ნაკრების ფეხბურთელები. გუნდის მთავარი მწვრთნელის, კასპერ ჰიულმანდის მთავარი საზრუნავი იმ ფეხბურთელების შერჩევაა, რომლებიც სათამაშოდ მენტალურად არიან მზად. უკანასკნელ ვარჯიშზე სრულად დაიტვირთნენ სკოვი და ნორგაარდი. პირველი ფინელებთან მატჩის განაცხადში საერთოდ არ იყო, ხოლო მეორე კი, სათადარიგო სკამზე ყოფნის მიუხედავად, მოედანზე არ გასულა.

პირველი მატჩის წაგებამ დანიელები საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. ფიფას რეიტინგის მიხედვით ნომერ პირველ ნაკრებთან მასპინძლებს (ეს შეხვედრაც “პარკენზე” ტარდება) წაგების უფლება არ აქვთ. უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ დანიის ეროვნულ გუნდის ვარჯიშს ქვეყნის კრონპრინცი ფრედერიკიც დაესწრო, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს და კასპერ ჰიუმლანდსაც შეხვდა.

პირველ ტურში ბელგიელების მიერ რუსეთის ნაკრების განადგურება არავის გაკვირვებია. „მატჩის ვარსკვლავად“ დასახელებულმა რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და პირველი გოლი კრისტიან ერიკსენს მიუძღვნა. დანიელების მსგავსად, დანაკლისი „წითელ ეშმაკებსაც“ აქვთ. რობერტო მარტინესს ტიმოტი კასტანიე არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთელი ტურნირის მანძილზე არ ეყოლება. ბელგიელმა მცველმა კუზიაევთან ორთაბრძოლისას თვალი დაიზიანა და საოპერაციოა. მის ნაცვლად მინდორზე შესულმა თომა მონიემ კი რუსეთის ნაკრებს გოლი გაუტანა და ამით ძირითადში მოხვედრა გაინაღდა. გარკვეული პრობლემები აქვს ვერტონგენს, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არაა. ვარჯიში განაახლა აქსელ ვიტსელმა, თუმცა როგორც ბელგიური პრესა იტყობინება, დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მაინც არ იქნება

საინტერესო ფაქტები

⚽ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. აქამდე ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდნენ. ექვსი მატჩი დანიელებმა მოიგეს, ამდენივე გამარჯვება აქვთ მოპოვებული ბელგიელებს.

⚽ კოპენჰაგენში ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იქნება. აქამდე ჩატარებული შვიდი მატჩიდან სამი დანიელებს აქვთ მოგებული და ამდენჯერვე ბელგიელებმა გაიმარჯვეს.

⚽ დანიელებისთვის ეს მეცხრე შემთხვევაა, როდესაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობს.

⚽ ჯგუფურ ეტაპს დანიელები მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს ვერ გაცდნენ.

⚽ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე დანიელებს უკვე ზედიზედ სამი მატჩი აქვთ წაგებული, ხოლო უკანასკნელი ხუთიდან კი - ოთხი.

⚽ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ბელგიის ნაკრები ზედიზედ მეორედ თამაშობს. თუ 2016 წელს საფრანგეთში გამართულ ტურნირს არ ჩავთვლით, ევროფურმზე ‘წითელი ეშმაკები’ ბოლოს 2000 წელს იყვნენ, როდესაც ტურნირს ნიდერლანდებთან ერთად უმასპინძლეს.

⚽ რუსეთთან 3:0 გამარჯვება ბელგიელებისთვის ევროპის ჩემპიონატების ფინალური სტადიების ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დიდი სხვაობით მოგებაა.

⚽ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბელგიის ნაკრების ფეხბურთელები ყველაზე გამოცდილები არიან. ბელგიელთა 26 მოთამაშეს ეროვნულ გუნდში ჯამში 1349 მატჩი აქვს გამართული.

⚽ რომელუ ლუკაკუს ეროვნული ნაკრების რიგებში უკვე 17 დუბლი დაუგროვდა. მთლიანობაში, ბელგიელ ფორვარდს 94 სანაკრებო მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები 

დანია (4-3-3): შმაიხელი - ვასი, კიაერი, კრისტენსენი, მეჰლე - დილეინი, ჰოიბერგი, იენსენი - პოულსენი, დოლბერგი, ბრაიტვაიტი.

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერმაელენი - მონიე, დენდონკერი, ტილემანსი, თ. აზარი - მერტენსი, ლუკაკუ, კარასკო.

კომენტარები

ბოლო ამბები