Thumbnail

ტოკიოს ლიცენზიანტთა სია - ამ დროისთვის, ოლიმპიადაზე 19 ქართველი მიდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყველაზე სოლიდური წარმომადგენლობა მოჭიდავეებს აქვთ
  • ჩამონათვალი უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას 19 ქართველი სპორტსმენი ფლობს. მათი სია ასე გამოიყურება:

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.)
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) 
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი) 
სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.) 
სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) 
ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.)
გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) 
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.) 
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ.) 
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ.) 
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ.)

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები დაემატებიან. როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ამასწინათ განაცხადა, საერთო ჯამში, ქვეყანა 30-მდე ლიცენზიას ელის.

“ოლიმპიადის დაწყებამდე სულ მცირე დრო რჩება, ამდენად, მზადება დასკვნით ფაზაში გადადის. იმედი გვაქვს, რომ ლიცენზიანტთა რიცხვი დაახლოებით 30-მდე გაიზრდება. იგივე ძიუდოში ყველა წონაში გვაქვს ლიცენზია, თუმცა, მათი დადასტურება ჯერ არ მომხდარა. ასეთივე სიტუაცია გვაქვს კიდევ რამდენიმე სპორტსმენთან დაკავშირებით. ცხადია, მთავარი მაინც შედეგები იქნება და გვინდა, უკეთესად გამოვიდეთ, ვიდრე – რიო დე ჟანეიროში. შემიძლია გითხრათ, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირი გარანტია მიღებული გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო, სპორტსმენთა დაახლოებით ნახევარი აიცრება. თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა გვაცნობა, რომ მონაწილეთა 80% აცრილი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 2021 წლის 14 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები