Thumbnail

კონფერენსლიგა | დინამო ბათუმის, დილას და გაგრას სავარაუდო მეტოქეები II ეტაპზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ნიონში მდებარე უეფა შტაბბინაში ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 22 და 29 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ახლახან ჩატარდა, მატჩები კი 8 და 15 ივლისს გაიმართება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი სან მარინოს ტრე პენეს დაუპირისპირდება, გორის დილა - სლოვაკურ ჟილინას, ხოლო გაგრა - მონტენეგროს სუტიესკას.

ტრე პენეს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობით, დინამო ბათუმისთვის პრობლემა არ უნდა გახდეს, გია გეგუჩაძის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ბატე შეხვდება. პირველ მატჩს ბათუმელები ბორისოველებთან საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

თუკი ჟილინას გაივლის, ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილ დილას დაპირისპირება კვიპროსულ აპოლონთან მოუწევს. გორელები პირველ შეხვედრას სტუმრად ლიმასოლში ჩაატარებენ.

რაც შეეხება საქართველოს თასის გამარჯვებულს, სუტიესკასთან წარმატების შემთხვევაში, ეროვნული ლიგა 2-ის გაგრას მეორე ეტაპზე მეტოქედ თელ ავივის მაკაბი ეყოლება. პირველი მატჩის მასპინძელი გაგა კირკიტაძის გუნდი იქნება.

კონფერენსლიგას მეორე ეტაპიდან შესაძლოა საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისიც შეუერთდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი კახა ცხადაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩის ვერ აჯობებს. აქ მისი მეტოქე ჰაიფას მაკაბისა და ალმათის ქაირათის წყვილში დამარცხებული იქნება. პირველ მატჩს დინამოელები შინ ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები