Thumbnail
  • რატომ არის გერმანიისთვის საფრანგეთი განსაკუთრებით პრინციპული მეტოქე
  • დიდე დეშამის გუნდს დაცვიდან კარგად გამოსდის
  • გერმანია უკეთესი იყო, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა მაინც დამარცხდა

გერმანელი გულშემატკივარი მშვიდია. ზღვარგადასულ შეურაცხყოფას, რასისტულ, დამცინავ თუ ჰომოფობიურ გამოხტომებს და სხვა ფანურ სიგიჟეებს გერმანულ ტრიბუნებზე ნაკლებად ნახავთ. გერმანელი გულშემატკივარი აბსოლუტურად თავდაკარგული და ეგზალტირებული მხოლოდ ერთხელ მახსოვს - 2014 წლის მუნდიალის დროს, მეოთხედფინალს საფრანგეთთან, ფრანკფურტში, აინტრახტის ‘დოიჩე ბანკ პარკზე’ ვუყურებდი - ტრიბუნები სავსე იყო და თამაში დიდ ეკრანზე გადიოდა. ასეთი თავდაკარგვის თუ შეშლილობის მიზეზი ის იყო, რომ მეტოქე საფრანგეთი იყო. გერმანულ-ფრანგულ ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა თემაა.

გერმანელებს ინგლისელებთან პრინციპული საფეხბურთო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა პატივს სცემენ, იტალიელების ცოტა ეშინიათ და აღიარებენ, რომ უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდებს ზემოდან უყურებენ, აი ფრანგებთან კი ნამდვილი მტრობა აქვთ. ამის მიზეზი ისტორიული ამბებია - ორი მეზობელი სხვადასხვა ბანაკში იყო ორივე მსოფლიო ომის დროს, საუკუნეების მანძილზე ძლიერი საფრანგეთი სუსტ გერმანიას ნიშნავდა და პირიქით - ამას აღიარებდნენ ბისმარკი და ნაპოლეონი, ათწლეულების მანძილზე გერმანელები შლიფენის გეგმით ემზადებოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი ტანკები პარიზში შესულიყვნენ. ეს დიდი, საუკუნოვანი მტრობის ამბავია.

ეს ფეხბურთშიც მოითარგმნა, სადაც გერმანიას საფრანგეთი ტრადიციულად დაბრიყვებული ჰყავდა - 80-იანებში ზედიზედ ორი მუნდიალის ნახევარფინალი მოუგო საფრანგეთის ძალიან მაგარ გუნდს.

ბატისტონის ტრავმა და ყველაზე ცნობილი გერმანია- საფრანგეთი 1982 წელს

ამხელა ისტორიული შესავალი რაში დამჭირდა?

თუკი გერმანელისთვის რაიმე ნიშნავს კატასტროფას, კრიზისს, საფეხბურთო აპოკალიფსს და მათი საფეხბურთო იდენტობის გადაგვარებას, ეს საფრანგეთთან მარცხია. ზედიზედ 6 თამაშია, ლიოვის გუნდი ფრანგებს ვერ უგებს. სწორედ ამიტომ, გუშინდელი მარცხი ბევრად მტკივნეული იყო, ვიდრე რომელიმე რიგითი შეხვედრა იქნებოდა ჯგუფურ ეტაპზე. სხვათა შორის, მიუნხენის შეთხელებულ ტრიბუნებს აგრესიაც ეტყობოდა, თუ შეამჩნიეთ.

გერმანია არ იყო ცუდი - ეს არ იყო ის გუნდი, რომელმაც მაკედონიასთან წააგო და ესპანეთთან შერცხვა. მეორე ტაიმში, განსაკუთრებით დასაწყისში, გერმანელების პრესინგი კარგი იყო და მეტოქეს დაცვიდან ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ამის მიუხედავად მაინც დამარცხდნენ, თანაც ისე, რომ კარში არ დაურტყამთ და ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ - გნაბრიმ ახლოდან ააცილა.

უბრალოდ, საფრანგეთი ზედმეტად ძლიერია. ალბათ უფრო ძლიერი, ვიდრე 3 წლის წინ მოგებული მუნდიალის დროს. დეშამის გუნდს საუკეთესო თამაში არ ჰქონდა და მაინც მოიგო. თამაშგარის სანტიმეტრები რომ არა, დიდი ანგარიშითაც მოიგებდა.

ვარანი დაცვაში საუკეთესო იყო

საფრანგეთს მთელი ტაიმი დაცვაში დგომა შეუძლია - ვიღაცას შეიძლება ეს არ მოსწონს, მაგრამ პლეი ოფში ძალიან გამოსადეგი უნარია. კიმპემბე და განსაკუთრებით ვარანი უშეცდომოები იყვნენ.

პოგბა ისე თამაშობს, როგორც მანჩესტერში არასოდეს უთამაშია - დაცვაშიც მაგრად შრომობს, შეტევებსაც აორგანიზებს და ჯადოსნური პასით საგოლე შეტევაც დაიწყო. გრიზმანი ყველგანაა და ამ გუნდის სული და გულია. წინ კიდევ მბაპე და ბენზემა, რომელთაც გერმანიასთან თავისი შესაძლებლობების ნახევარიც არ უჩვენებიათ.

უდიდესი ტალანტის მიუხედავად, მთელი გუნდი იბრძვის, მთელი გუნდი შრომობს და ზედმეტი საფეხბურთო ქედმაღლობა არსად ჩანს. დაცვაში ვინმეს არჩამორბენის პრობლემა დეშამს არ აწუხებს. მას დიდი ფეხბურთი იტალიაში აქვს ნასწავლი და ეს მის გუნდსაც ეტყობა სათამაშო დისციპლინაზე, ორგანიზაციაზე და დაცვაში თამაშის უნარზე.

გერმანიამ თავი მოიკლა, იომა და ბევრი იწვალა, მაგრამ კლასში იყო სხვაობა. გოზენსის, ფოლანდის და გინტერისნაირი ფეხბურთელები დეშამის ძირითადში ვერ ხვდებიან. ალბათ ვერც განაცხადში.

თამაში მაგარი გამოვიდა - ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთი იყო, საპლეიოფო დაძაბულობით.

ბენზემას გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა

რადგან პირველი ტური დასრულდა, რამდენიმე დაკვირვებაც: მსაჯები VAR-ის სისტემას ბევრად უკეთ იყენებენ, ვიდრე ეროვნულ ჩემპიონატებში. გუნდებს თამაშის საშუალებას აძლევენ და პატარა კონტაქტზე პენალტის დადებას ერიდებიან. პირადად ჩემთვის, ძალიან დამღლელია ხოლმე, როცა ტაიმში რამდენჯერმე მსაჯი ვიდეორეფერის მიმართავს და სულ მცირე შეხებაზეც პენალტებს ნიშნავს. ეს თამაშის ხარისხზეც აისახება - ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტად გოლზე ფიქრობენ, ვიდრე მინდორზე დავარდნაზე.

რაღაც ხდება ბარსელონაში ძალიან არასწორი, რადგან ფრენკი დე იონგი და ანტუან გრიზმანი თავის ნაკრებებში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ. ასე მათ ბარსაში არ უთამაშიათ. გრიზმანის შემთხვევაში ამის ახსნა კიდევ შეიძლება, მაგრამ დე იონგის?!

ფეხბურთის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე წინა, დიდ სანაკრებო ტურნირებზე. გრანდების უმეტესობა (ესპანეთის და გერმანიის გარდა) კარგ ფორმაშია და ეს ტურნირზე დადებითად აისახება.

წინ მეორე ტურია. დიდი ამბები ნელ-ნელა ხურდება. მაგალითად, გერმანია-პორტუგალია, ფაქტობრივად, უკვე პლეი ოფია...

კომენტარები

ბოლო ამბები