Thumbnail

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020 კარგად დაიწყო და პირველ ტურში უნგრეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა და კრიშტიანო რონალდომ თამაშზე ისაუბრეს.

რონალდოს თქმით, ახლა მთავარია ასე გააგრძელონ თამაში, ხოლო სანტუში მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ 3 ქულა იყოს და წინ რთული შეხვედრებია:

კრიშტიანო რონალდო: "მთავარია გამარჯვება. რთული თამაში იყო მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავს კარგად იცავდა, მაგრამ 3 გოლი მაინც გავიტანეთ და გუნდის მადლობელი ვარ, რომ 2 გოლის გატანასა და საუკეთესოს პრიზის მოგებაში დამეხმარა. ჩვენთვის საჭირო იყო კარგი დასაწყისი რწმენის მოსაპოვებლად. ახლა აუცილებელია ასე გაგრძელება და მომდევნო თამაშის მოგება".

ფერნანდუ სანტუში: "ვიცოდით, რომ პირველი გოლის გატანის შემდეგ უფრო ადვილი იქნებოდა. სხვა უნგრეთის მოლოდინი მქონდა, მათ თამაშის უმეტესი ნაწილი ძალიან უკან დახეულებმა გაატარეს. კარგი საგოლე მომენტები გვქონდა და უფრო ადრე რომ გაგვეტანა, უნგრეთი დაიშლებოდა. თავიდან ვერ გამოვიყენეთ მომენტები და ამან მოგება აშკარად გაართულა. მე-2 ტაიმი კარგად დავიწყეთ, შემდეგ ცოტა ხანი წვალება მოგვიხდა, რაც ნორმალურია. დროის გასვლასთან ერთად, ჩვენი მღელვარება იზრდებოდა, მაგრამ დამშვიდება მოვახერხეთ, გოლი გავიტანეთ და შემდეგ უნგრეთი გაიხსნა. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. გვინდოდა გამარჯვებით დაწყება, მაგრამ ეს მხოლოდ 3 ქულაა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში წინ გველოდება".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთის ნაკრებს რონალდოს დუბლით და რაფაელ გერეიროს გოლით მოუგო (3:0), მე-2 ტურში კი 19 ივნისს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები