Thumbnail

F ჯგუფისა და მთლიანად ჯგუფური ეტაპის I ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენის "ალიანც არენაზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ჰუმელსის ავტოგოლის წყალობით, დიდიე დეშამის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში პორტუგალიამ ბუდაპეშტში კრიშტიანო რონალდოს დუბლით უნგრეთი 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა მატჩი უფრო აქტიურად დაიწყეს, ბუნდესგუნდს მატჩის პირველ წუთებში ბურთის ფლობის მაჩვენებელი 85% ჰქონდა. მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა, ფრანგებმა შეუტიეს და პოგბას და მბაპეს გატანა შეეძლოთ. მათ ვერ გაიტანეს, მაგრამ გაიტანა მატს ჰუმელსმა... საკუთარ კარში - მე-20 წუთზე ლუკა ერნანდესი მარცხნიდან აწოდებდა და ჰუმელსმა ნოიერი სახტად დატოვა. პირველ ტაიმში მეტი არაფერი შეცვლილა. 

მატს ჰუმელსის ავტოგოლი

52-ე წუთზე ადრიენ რაბიო მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, მისი დარტყმული ნოიერის კარის ძელს მოხვდა და გერმანია გოლს ამ ეპიზოდში გადაურჩა. ორ წუთში სერჟ გნაბრის დარტყმული ლორისის კარს აცდა. 66-ე წუთზე კილიან მბაპემ გოლის გატანა შეძლო, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მბაპემ სიჩქარეზე აჯობა ჰუმელსს, თუმცა გერმანელმა მცველმა ბოლო მომენტში შეძლო მდგომარეობის განმუხტვა. ფრანგები ამაოდ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას.

კილიანს გოლი გაუუქმეს

84-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებს მეორე გოლი გაუუქმეს, ამჯერად, ქარიმ ბენზემამ გაიტანა. საქმეში VAR ჩაერია, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

TOP - რაფაელ ვარანი (საფრანგეთი)

რაფაელ ვარანი გერმანელი შემტევებისთვის გაუვალი კედელი იყო, მისი ზონიდან გერმანელებმა ხეირიანი ვერაფერი შექმნეს. 

FLOP - მატს ჰუმელსი (გერმანია)

ავტოგოლი პირველ ტაიმში, გარდა ამისა, კილიან მბაპემ მატჩის განმავლობაში ბევრი პრობლემა შეუქმნა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-მდე არ ჰქონდა წაგებული ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი (7 მოგება, 5 ფრე). ეს გუნდის პირველი მარცხი იყო ევროპის ჩემპიონატების გახსნით მატჩებში.

📌 საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-მდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (1960) ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში (5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).

📌 გერმანიის ნაკრების 11-ეული ყველაზე ხანდაზმულია 21-ე საუკუნეში - საშუალოდ 28 წელი და 347 დღე.

📌 ევრო 2020-ზე უკვე 3 ავტოგოლი გავიდა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ანტირეკორდის გამეორებაა - ევრო 2016-ზეც სამი ავტოგოლი გავიდა.

📌 ამ სეზონში საფრანგეთის ნაკრებმა 4-ჯერ იხეირა მეტოქის ავტოგოლით, რაც ამ ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტია.

საფრანგეთი 1:0 გერმანია

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - რაბიო (94. უ. დემბელე), კანტე, პოგბა - ბენზემა (89. ტოლისო), გრიზმანი, მბაპე

გერმანია (3-4-3): ნოიერი - გინტერი (87. ჯანი), ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გიუნდოგანი, კროოსი, გოზენსი (88. ფოლანდი) - ჰავერტცი (74. სანე), გნაბრი (74. ვერნერი), მიულერი

კომენტარები

ბოლო ამბები