Thumbnail

ბუდაპეშტში სავსე "პუშკაშ არენაზე" ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში პირველი მატჩი გაიმართა. უნგრეთის ეროვნული ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისშივე დიოგო ჟოტას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ იხეირა. იმ მომენტში მარცხნივ კრიშტიანო რონალდო უმეთვალყურეოდ რჩებოდა, თუმცა ჟოტას პასის გაკეთება არც უცდია. პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა უნგრელებმა შეძლეს თავის დაცვა. ყველაზე აშკარა მომენტი კრიშტიანოს შეექმნა, რომელმაც 43-ე წუთზე ახლო მანძილიდან ააცილა. 

დიოგო ჟოტას საგოლე მომენტი პირველ ტაიმში

მეორე ტაიმი იმავე სტილში დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა - პორტუგალიის ნაკრების შეტევებით. პეპეს თავური გულაჩიმ მოიგერია. 

მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა შიონმა პორტუგალიელთა კარში გოლი გაიტანა, თუმცა ის VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 84-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა, რაფაელ გერეირომ რიკოშეტის დახმარებით გოლი გაიტანა. მალევე უნგელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა. კრიშტიანომ დუბლის შესრულებაც მოასწრო - რაფა სილვას პასით ახლო მანძილიდან გაიტანა.

TOP - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ყოველ მატჩში რეკორდებს ამყარებს - იუვენტუსის ფორვარდი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი (36 წლის და 130 დღის) გახდა, ვინც დუბლი შეასრულა. ის ევროპის ჩემპიონატების მთავარი გოლეადორიც გახდა. 

FLOP - ვილი ორბანი (უნგრეთი)

ქვეყნის პრემიერის მოგვარემ ბოლოსკენ დააღალატა გუნდი, უხერხული რიკოშეტი პირველი გოლისას, შემდეგ კი მან პენალტი აიკიდა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის 5 ჩემპიონატზე ითამაშა.

📌 კრიშტიანო რონალდომ დიდ ტურნირებზე 39-ედ ითამაშა და ევროპელ ფეხბურთელებში ბასტიან შვაინშტაიგერის (38) რეკორდი დაამხო.

📌 აქამდე პორტუგალია 13-ჯერ ეთამაშა უნგრეთს და არც ერთხელ არ წაუგია (9 მოგება, 4 ფრე). 

📌 პეპე 38 წლისა და 109 დღის ასაკში გახდა პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

📌 კრიშტიანო რონალდომ ევროპსი ჩემპიონატებზე მე-10 და მე-11 გოლები გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი - 105-ე და 106-ე.

📌 პორტუგალიის ნაკრები პირველი გუნდია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაიტანა.

უნგრეთი 0:3 პორტუგალია

უნგრეთი (3-5-2): გულაჩი - ბოტკა, ორბანი, ატილა სალაი - ლოვრენჩიჩი, კლაინჰაისლერი (78. შიგერი), ნადი, შაფერი (64. ნედო), ფიოლა (88. ვარგა) - ადამ სალაი, შალაი (77. შიონი)

პორტუგალია (4-2-3-1): პატრისიო - სემედუ, პეპე, დიაში, გერეირო - დანილო, კარვალიო (82. სანშეში) - ბერნარდო სილვა (71. რაფა სილვა), ფერნანდეში (89. მოუტინიო), ჟოტა (82. ანდრე სილვა) - რონალდო 

კომენტარები

ბოლო ამბები