Thumbnail

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა უეფა გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ ფინეთთან შეწყვეტილი მატჩის გაგრძელება აიძულეს. დანიელმა სპეციალისტის თქმით, უეფამ ისინი არჩევანის წინაშე დააყენა, ამასთან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ყველასთვის გაკვეთილი გამოდგება.

"არ იყო სწორი გზაჯვარედინზე დაყენება, მოედანზე დაბრუნებას ან მატჩის მეორე დღისთვის გადადებას შორის არჩევანი. არ არის სწორი იმის თქმა, რომ თამაში ჩვენ ვითხოვეთ, ეს ასე არ იყო. კოვიდის შემთხვევაში 48 საათი გვექნებოდა, გულის გაჩერების გამო კი, დრო არ გვქონია. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ჩვენი სახლში გაშვება, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია მომავლისთვის გაკვეთილად გამოდგება“.

დანიელთა მწვრთნელმა ამის შემდეგ კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზეც ილაპარაკა: "მთელი გუნდი საუბრობს მასთან, მათ შორის, მეც. ჩვენთვის ძალიან გასახარია, მისი მომღიმარი სახის დანახვა და იმის ცოდნა, რომ გამოკვლევები კარგად მიმდინარეობს. როგორ შევცვლით ბელგიასთან? არა, კრისტიანის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ის საუკეთესოა".

აღსანიშნავია, რომ უეფას მხრიდან ზეწოლაზე დანიური ფეხბურთის ლეგენდამ პეტერ შმეიხელმაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დანიისა და ფინეთის მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა, რადგან კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა დაემართა. თამაში მოგვიანებით განახლდა და ფინეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო. დანია მეორე ტურში 17 ივნისს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები