Thumbnail

კვარაცხელია Golden Boy-ს პრეტენდენტთა შორის - გამოკითხვა უკვე დაწყებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზანის რუბინის 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იმ 100 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომლებიც იტალიური Tuttosport-ის მიერ დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს - Golden Boy 2021-ის მოსაგებად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტიტული 2003 წლიდან თამაშდება იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც 21 წელზე უმცროსები არიან და რომელიმე ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობენ. ცნობისთვის, ჯილდოს პირველი მფლობელი ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვაარტი იყო, რომელიც მაშინ ამსტერდამის აიაქსის ღირსებას იცავდა.

გამოკითხვა ქომაგთა შორისაც მიმდინარეობს, პარალელურად კი საუკეთესო ხუთეულებს Bild (გერმანია), Blick (შვეიცარია), A Bola (პორტუგალია), l'Équipe (საფრანგეთი), France Football (საფრანგეთი), Marca (ესპანეთი), Mundo Deportivo (ესპანეთი), Ta Nea (საბერძნეთი), Sport Express (რუსეთი), De Telegraaf (ნიდერლანდები) და The Times (დიდი ბრიტანეთი) ასახელებენ.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეიძლება. ამ დროისთვის მას 586 ხმა აქვს, რაც ზუსტად 1%-ს შეადგენს, ლიდერები კი ტიაგო ტომაში (სპორტინგი, პორტუგალია, 19.3%), ნუნო მენდეში (სპორტინგი, პორტუგალია, 17.1%) და ნიკოლო ფაგიოლი (იუვენტუსი, იტალია, 13.7%) არიან. ცნობისთვის, Golden Boy-ს ყველა გამარჯვებული მოგვიანებით მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. ამაზე ტიტულის მფლობელთა სიისთვის თვალის გადავლებაც მოწმობს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) მიითვალა. ცნობილი პორტალი TRANSFERMARKT მას უკვე 18 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელია ეროვნული ნაკრების რიგებში ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ტრავმის გამო შეკრება დატოვა. მის ევროპაში ტრანსფერზე ბევრი იწერება, ყველაზე ხშირად კი ინგლისურ ლიდსს ახსენებენ.

Golden Boy-ს ყველა გამარჯვებული

2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი (ნიდერლანდები)
2004 – უეინ რუნი (ინგლისი)
2005 – ლიონელ მესი (არგენტინა)
2006 – სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი)
2007 – სერხიო აგუერო (არგენტინა)
2008 – ანდერსონი (ბრაზილია)
2009 – ალეშანდრე პატო (ბრაზილია)
2010 – მარიო ბალოტელი (იტალია)
2011 – მარიო გიოტცე (გერმანია)
2012 – ისკო (ესპანეთი)
2013 – პოლ პოგბა (საფრანგეთი)
2014 – რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)
2015 – ანტონი მარსიალი (საფრანგეთი)
2016 – რენატო სანჩესი (პორტუგალია)
2017 – კილიან მბაპე (საფრანგეთი)
2018 – მატეის დე ლიხტი (ნიდერლანდები)
2019 – ჟოაო ფელიქსი (პორტუგალია)
2020 – ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია)

კომენტარები

ბოლო ამბები