Thumbnail

ლეგენდარულმა ფრანგმა მეკარემ ფაბიენ ბარტეზმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს მიუნხენში გაიმართება და რომელშიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ექს-ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს ეთამაშება. 49 წლის ბარტეზი, რომელიც 1998 წელს გახდა მუნდიალის გამარჯვებული, მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრების ჩამოწერა არასდროს შეიძლება და იოახიმ ლიოვის გუნდს კონტინენტის პირველობაზე კარგ თამაშს უწინასწარმეტყველებს.

“დიახ, ჩვენ შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. საფრანგეთის ნაკრებს მხოლოდ თვითონ შეუძლია საკუთარი თავის დამარცხება. დიდიე დეშამს ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავს. ეს ფაქტია,” - აღნიშნა ბარტეზმა “მიუნხენერ თაგესცაითუნგთან” ინტერვიუში.

49 წლის ყოფილი მეკარე საშიშროებას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ ფრანგმა ფეხბურთელებმა მთავარი შეცდომა არ დაუშვან და მეტოქეებს ზემოდან ყურება არ დაუწყონ: “იმედია, არცერთი მეტოქე არ მიაჩნიათ ადვილ ბარიერად. თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამია - კაცი, რომელიც არ დაუშვებს ასეთ შეცდომებს და ფეხბურთელებს შთააგონებს, რომ ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა შეხედონ და პატივი სცენ. სიმართლე გითხრათ, ცოტა კომიკური განცდაა ის, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონი ეთამაშება. ეს ტაქტიკურად დატვირთული მატჩი იქნება, პირადად მე თანაბარ თამაშს ველოდები.”

'ტაქტიკურად დატვირთული მატჩი იქნება, თანაბარ თამაშს ველოდები'

ბარტეზის აზრით, საფრანგეთის ნაკრებს გარკვეული უპირატესობა იმაში აქვს, რომ თითქოს უკეთეს ფორმაშია. “მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავიანთ გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუონ. მათ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და ძალიან მოტივირებულები არიან. ამასთან, გერმანელებს სურთ, რომ იოახიმ ლიოვი ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან ღირსეულად გააცილონ.” - დასძინა ბარტეზმა.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი უკვე 49 წლისაა

ფრანგს მიაჩნია, რომ გერმანელებს ასეთ ტურნირებზე იდეალურად კონცენტრირების საუკეთესო ნიჭი აქვთ: “მენტალურად გერმანიას ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს. თუ ისტორიას გადავხედავთ, ძალიან იშვიათად ხდებოდა ისე, რომ გერმანელები მინიმუმ ნახევარფინალში მაინც არ გასულიყვნენ. მათი სტაბილურობა შთამბეჭდავია და თაობიდან თაობას გადაეცემა.”

გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები