Thumbnail

ევროპის მიდინარე ჩემპიონატის ფავორიტთაგან ესპანეთის ნაკრები პირველია, რომელმაც სასტარტო შეხვედრა ვერ მოიგო. შვედების წინააღმდეგ ესპანელებმა ყველასთვის კარგად ნაცნობი სტილით ითამაშეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. სევილიაში გამართული ეს დაპირისპირება პოპსპორტთან საუბარში არჩილ არველაძემ შეაფასა.

არჩილ არველაძე: შეხვედრის სცენარი ზუსტად ასე წარმომედგინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ესპანეთი მატჩის მიმდინარეობას გააკონტროლებდა. ის, რომ ლუის ენრიკეს გუნდი შვედებს ბურთის ფლობაში აჯობებდა, მატჩამდეც ნათელი იყო.

ესპანეთის ნაკრები ჩამოყალიბების სტადიაშია. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, "ფურია როხა" ფავორიტი იყო და მეც ვფიქრობდი, რომ ამ თამაშს მოიგებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ როდესაც ესპანელებს უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობაში აქვთ, ბევრ სახიფათო მომენტს ვერ ქმნიან. ამ კუთხით მსგავსების პოვნა თბილისში ჩატარებულ მატჩთანაც შეიძლება. ლუის ენრიკეს გუნდის შეტევებს სიმწვავე მაშინაც და დღესაც აკლდა

POPSPORT: ესპანელებს შეთამაშების პრობლემა აქვთ?

არჩილ არველაძე: არ მგონია, რომ შეთამაშების პრობლემა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღვნიშნე, ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელია, სისტემურად გუნდი გამართულად მოქმედებს. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ესპანელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს. პრობლემა უფრო ისაა, რომ "ფურია როხას" დღეს არ ჰყავს გამორჩეულად კარგი შემტევი ფეხბურთელები. შედარებას ესპანეთის იმ საუკეთესო ნაკრებთან ვახდენთ, რომელშიც ჩავი და ინიესტა თამაშობდნენ და რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ გუნდში მსგავსი დონის შემსრულებლები არ არიან.

ყველაფერთან ერთად, ესპანურ ფეხბურთს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც ბარსელონა და რეალი დომინანტები იყვნენ, მაგრამ ნაკრებს შედეგი არ ჰქონდა. ერთმანეთზე ამ ორი კომპონენტის დამთხვევა ჯერ ლუის არაგონესმა და მერე ვისენტე დელ ბოსკემ მოახერხეს. დღეს ესპანური გრანდები ისეთი ძლიერები, როგორებიც რამდენიმე წლის წინ იყვნენ, ვეღარ არიან და ვერც ლუის ენრიკეა ისეთი ქარიზმატული მწვრთნელი, როგორებიც ჩემს მიერ ნახსენები სპეციალისტები იყვნენ. ფაქტია, რომ დღევანდელი ესპანეთის ნაკრები, იმ ყველაფრის მომგებ გუნდთან შედარებით სუსტია.

აუცილებლად ისიც უნდა ითქვას, რომ შვედეთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი. სკანდინავიელები სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ შვედეთი არც საფრანგეთია. 

POPSPORT: რამდენად აქვს ესპანეთის ნაკრებს მომატების რესურსი?

არჩილ არველაძე: ვფიქრობ, რომ ესპანეთის ამ ნაკრებში არაა ის რესურსი, რომელმაც გუნდი ევროპის ჩემპიონი უნდა გახადოს.

 E ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებმა პოლონეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო. ესპანელები 19 ივნისს პოლონელებს, ხოლო 23 ივნისს სლოვაკებს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები