Thumbnail
  • კრისტიან ერიკსენი თავს უკეთესად გრძნობს
  • დანიის ნაკრების ათიანმა კლინიკიდან მიმართვა გაავრცელა

“კარგად ვარ - ყველაფრის გათვალისწინებით” - წერს კრისტიან ერიკსენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. ეს არის მისი პირველი გამოჩენა იმ დღის შემდეგ, როცა ფინეთთან მატჩის დროს მოედანზე უგონოდ დაეცა, გული გაუჩერდა და ექიმებმა გადაარჩინეს.

დანიის ნაკრების ლიდერმა, რომელიც ჯერაც კლინიკაში რჩება, ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 29 წლის ნახევარმცველმა სპეციალური მიმართვა და ფოტო სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:

“ყველას მოგესალმებით! დიდ მადლობას გიხდით იმ თბილი და საოცარი გამოხმაურებებისთვის, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ. ამას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წესრიგშია. საავადმყოფოში გამოკვლევას კიდევ ვსაჭიროებ, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა, ბიჭებსა და სრულიად დანიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვუქომაგებ. ითამაშეთ მთელი ქვეყნისთვის”.

შეგახსენებთ, რომ დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის პირველ ტაიმში კრისტიან ერიკსენი მოულოდნელად მოედანზე უგონოდ დაეცა. სამედიცინო პერსონალმა მას პირველად დახმარება, რაც მის გადარჩენისთვის გადამწყვეტი იყო, ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. თამაში მოგვიანებით გაგრძელდა და ფინეთმა 1:0 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები