Thumbnail
  • ლეო რეალზე, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიზეზსა და ფეხბურთში თავის მიზანზე
  • ბარსელონას თავდამსხმელს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი არ სჭირდება

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან მადრიდის რეალი დაახასიათა. ლეომ ასევე გააკეთა კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალიდან მისი გუნდის გამოვარდნის მიზეზზე და ახსნა ისიც, თუ რისთვის თამაშობს ფეხბურთს.

"რეალს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი არიან. ზუსტად ასეთივე ვითარებაა ბარსელონაშიც, ოღონდ, მადრიდელებს აქვთ რაღაც, რაც არ გვაქვს ჩვენ. მაშინაც კი, როდესაც ცუდად თამაშობენ, მაინც ახერხებენ წარმატების მიღწევასა და წინსვლას. ბარსელონა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, რომ რეალს მოუგოს.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩი ბარსელონასთვის კოშმარული იყო. რომასთან პირველ მატჩში (4:1) საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ და ვიფიქრეთ, რომ უკვე ტურნირის ნახევარფინალში ვიყავით. შემდეგ კი საპასუხო შეხვედრაში 0:3 დავმარცხდით. ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო მთელი გუნდისთვის, რადგან ასე ახლოს ვიყავით მიზანთან", - აქვეყნებს მესის ნათქვამს TyC Sports.

"არ ვარ დაინტერესებული იმით, რომ ისტორიაში ვიყო პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი არაფერს ცვლის.

ყოველი სეზონის დაწყების წინ მიზნად თამაშის გაუმჯობესებას, ყველაფრის მოგებას, მოედანზე ბოლომდე დახარჯვასა და თანაგუნდელებისთვის მაქსიმალურად დახმარებას ვისახავ. 

ვთამაშობ იმისთვის, რომ მივაღწიო სრულყოფილებას და გავიმარჯვო, და არა იმისთვის, რომ ისტორიაში საუკეთესო გავხდე", - დასძენს არგენტინელი.

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული. ზინედინ ზიდანის გუნდი 26 მაისს კიევში ლივერპულს დაუპირისპირდება.

ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი" ხუთ–ხუთჯერ აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები