Thumbnail

ჩემპიონობის ექს-პრეტენდენტი - UFC-ში მერაბ დვალიშვილის მეტოქე გაირკვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მერაბ დვალიშვილი UFC-ში მეცხრე ბრძოლას მარლონ მორაესთან გამართავს
  • 30 წლის მებრძოლი ოქტაგონზე 25 სექტემბერს, ტურნირ UFC 266-ში გავა

UFC-ის მჩატე წონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მორიგ შეხვედრას ბრაზილიელი მარლონ მორაესის წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი MMA Fighting რამდენიმე წყაროზე დაყრდონიბთ ავრცელებს.

მომავალი დაპირისპირების შესახებ პირველად დვალიშვილის მწვრთნელმა რეი ლონგომ Anik & Florian Podcast-ის ეთერში ისაუბრა. 30 წლის ქართველი და 33 წლის ბრაზილიელი მებრძოლების შეხვედრა 25 სექტემბერს, ტურნირის UFC 266-ის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

მორაესმა სატიტულო ბრძოლა 2019 წელს ჰენრი სეკუდოსთან წააგო

ბრაზილიელი მჩატე წონაში ჩემპიონობის ყოფილი პრეტენდენტია, UFC-ის მიმდინარე რეიტინგში კი მე-6 ადგილზეა. მორაესი, რომელმაც MMA-ში ჩატარებული 31 ბრძოლიდან 23 მოიგო, 8 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა, მდგომარეობის გამოსწორებას ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ იმედოვნებს, რომლებიც კორი სენდჰეგნსა და რობ ფონტთან შარშან შემოდგომით გამართულ შეხვედრებში განიცადა.  

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველ მებრძოლს MMA-ში 17-იდან 13 ბრძოლა აქვს მოგებული (4 წაგება), UFC-ში კი მისი სტატისტიკა 6 მოგება და 2 მარცხია. აღსანიშნავია, რომ მერაბმა უკანასკნელ 6 შეხვედრაში გაიმარჯვა, სულ ბოლოს კი ოქტაგონზე მაისში გავიდა და კოდი სტამანი დაამარცხა. ამჟამად დვალიშვილი UFC-ის რეიტნგში მეათეა.

კომენტარები

ბოლო ამბები