Thumbnail

ეს ტრეი იანგის და ბოგდანოვიჩის დღე იყო, ჯოელ ემბიიდისთვის კი საშინელი საღამო გამოვიდა.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მე-4 მატჩში ატლანტამ ფილადელფია ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 103:100 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2). მართალია, ატლანტელებს შეტევაში იდეალურად არ უთამაშიათ, მაგრამ ფილადელფიაში ჯოელ ემბიიდს ჰქონდა პრობლემები და საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომლითაც ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ტრეი იანგი 25 ქულით ყველაზე პროდუქტიული იყო, თუმცა სროლები არ წაუვიდა (8/26, 3/11 სამქულიანი). სამაგიეროდ, მან 18 ასისტი შეასრულა, რაც პლეი ოფში იანგის საუკეთესო შედეგია. ბოგდან ბოგდანოვიჩმა 22 ქულა ჩააგდო (9/24), ჯონ კოლინზმა 14 (პლუს 12 მოხსნა), ხოლო კლინტ კაპელამ კი 12 ქულითა და 13 მოხსნით შეასრულა ორმაგი დუბლი. თუმცა ატლანტას სროლების მხოლოდ 36,6-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, სამქულიანებში კი მხოლოდ 30-პროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა. სწორედ ამის გამო, იყო მომენტი, როცა ფილადელფია თამაშს 18-ქულიანი უპირატესობითაც კი იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ეს განსაკუთრებით ჯოელ ემბიიდის ბრალია, რომელმაც თამაში 17 ქულით (4/20) და 21 მოხსნით დაასრულა.

ჯოელ ემბიიდს საშინელი მეორე ტაიმი ჰქონდა

სიქსერსიდან ყველაზე პროდუქტიული ტობაიას ჰარისი გახლდათ 20 ქულით. სეთ კარიმ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ბენ სიმონსი კი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა (11 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი). მეორე ტაიმი ატლანტამ 54:38 მოიგო და თამაშიც გამარჯვებით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად არ უთამაშია, თამაშის მთავარი გმირი მაინც ტრეი იანგი გახლდათ. ატლანტას 22 წლის ლიდერის გავლენა ამ გუნდის თამაშზე უბრალოდ ზედმეტად დიდია - ზუსტად ისე, როგორც ემბიიდის როლი ფილადელფიაში. ამ უკანასკნელს ისევ ტრავმა აწუხებს, ეტყობა, რომ პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც თამაშობს.

ტრეი იანგს საუკეთესო თამაში არ ჰქონია, მაგრამ შესანიშნავად იბრძოდა

“ბოლოს მნიშვნელოვანი მომენტი ვერ გამოვიყენე, უბრალოდ ვერ ავხტი. სხვა შემთხვევაში ვეცდებოდი, რომ ბურთი ჩამეტენა. თუმცა თავს არ ვიმართლებ, უკეთ უნდა ვითამაშო,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ემბიიდმა.

“ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, ეს გუნდი არასდროს ნებდება. მიყვარს ის, თუ როგორ ვიბრძვით და ვამაყობ ჩვენი გუნდით,” - ეს ტრეი იანგის სიტყვებია.

სერიის მეხუთე მატჩი 17 ივნისს, უკვე ფილადელფიაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები