Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები სევილიაში შვედეთს დაუპირისპირდა და 0:0 დაუზავდა. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში მოულოდნელობა დაფიქსირდა - სლოვაკეთის ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო.

ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ფერან ტორესის, მორატასა და ოლმოს ტრიოთი შეეტია. მარკოს ლორენტე მწვრთნელმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესა. ზლატანის არყოფნაში შვედების შეტევის ხაზში ისაკისა და ბერგის ტანდემი შედგა.

მატჩი დაიწყო "ფურია როხას" ტოტალური ბურთის კონტროლით, თუმცა ამას შვედების კართან სერიოზული მომენტები არ მოჰყოლია და ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა. შვედებს კი ერთი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ, როცა ალეკსანდერ ისაკი მეკარესთან პირისპირ გავიდა, უნაი სიმონსაც აჯობა, მაგრამ მარკოს ლორენტემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. "როხას" მხრიდან საუკეთესო შანსი ალვარო მორატას ჰქონდა.

ისაკმა უნაი სიმონს აჯობა, მაგრამ მარკოს ლორენტეს - ვერა

61-ე წუთზე შვედებს ბრწყინვალე საგოლე მომენტი შეექმნათ - კვლავ ისაკმა იაქტიურა, რომელიც საჯარიმოში სამ მეტოქეს გაუმკლავდა, მაგრამ ბერგმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა.

მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული ფორვარდების წყალობით, ესპანელები შტურმზე წავიდნენ, კარგი მომენტი ჰქონდა ჟერარდ მორენოს, შემდეგ კი - სარაბიას.

TOP - ალეკსანდერ ისაკი (შვედეთი)

შვედეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი ყველაზე გამორჩეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს მთელი თამაში ბურთი ენატრებოდა, ისაკმა ორი ძალიან მაგარი მომენტი შექმნა. პირველ შემთხვევაში, ესპანეთი მცველმა იხსნა აშკარა გოლისგან, მეორე შემთხვევაში კი ისაკს ყველაფერი წყალში თანაგუნდელმა ბერგმა ჩაუყარა.

FLOP - ლუის ენრიკე (ესპანეთი)

ესპანელთა თავკაცმა ისევ ძველი "ტიკი-ტაკა" შემოგვთავაზა, უფრო მეტი ინტენსივობით! მარტო პირველ ტაიმში გუნდს 400-ზე მეტი პასი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ამ პასებს შედეგი არ მოჰყოლია. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 პედრი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა - 18 წლის და 201 დღის.

📌 ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე წინა 14 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა პირველ მატჩში გოლის გატანა და ახლა ეს მეორედ მოხდა.

📌 სულ მცირე, 1980 წლიდან ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც მეტოქის ნახევარზე პირველ ტაიმში 303 პასი გააკეთა (ყველაზე) მეტი, ხოლო შვედეთი პირველი გუნდია, რომელმაც 38 პასი გააკეთა (ყველაზე ცოტა).

📌 ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში 419 პასი გააკეთა. ერთ ტაიმში ყველაზე მეტი ისტორიაში (სულ მცირე, 1980 წლიდან მოყოლებული).

📌 ესპანეთის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე, ბოლო 6 შემთხვევიდან გამარჯვებით მხოლოდ ერთხელ დაიწყო.

ესპანეთი 0:0 შვედეთი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - მ. ლორენტე, დ. ლორენტე, პ. ტორესი, ალბა - კოკე (87. რუისი), როდრი (66. ტიაგო ალკანტარა), პედრი - ფ. ტორესი (74. ოარზაბალი), მორატა (66. სარაბია), ოლმო (74. მორენო)

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი (75. კრაფტი), ლინდელიოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი - ს. ლარსონი, ოლსონი (84. კაიუსტე), ეკდალი, ფორსბერგი (84. ბენგტსონი) - ბერგი (69. კვაისონი), ისაკი (69. კლაესონი)

კომენტარები

ბოლო ამბები