Thumbnail

რაგბი | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ზაფხულის მატჩებისთვის ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან მაისაშვილის გუნდში 7 დებიუტანტია
  • საქართველოს რაგბის ნაკრებმა მზადება დაიწყო

“ბორჯღალოსნების” 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე შევიდა. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარეს. 2 და 9 ივლისს “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ქურციკებს ეთამაშებიან, რომელიც 2019 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებს. აი, 17 ივლისს კი “დინამო არენაზე“ შოტლანდიას დავუხვდებით. ის ჯერჯერობით ტიერ 1-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოდის.

“მოსამზადებლად ძალიან კარგი პირობებია და რაც მთავარია, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სრულიად იზოლირებული ვართ. ამ ორ კვირას, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ჩვენ და ბაზის პერსონალი ერთად გავატარებთ“ – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი. ნიდერლანდებთან მატჩის კვირაში გაფართოებული რაზმი 33 მორაგბემდე შემცირდება. მანამდე, არსებული კონტიგენტი სამ ჯგუფადაა გაყოფილი.

“ზაფხულის ტურნეს სიმძიმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებული რესურსით მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ. სამწუხაროდ, გვაკლიან ტრავმირებული მოთამაშეები. გარდა ამისა, ტოპ 14-სა და პრო დ2-ში პლეი ოფები ახლა დასრულდა და ამ გუნდის მორაგბეები ჯერ არ ჩამოსულან. რასინგი ნახევარფინალშია და გურამ გოგიჩაშვილი გუნდთან ერთადაა, მოგვიანებით დაგვემატება ბექა გიგაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს. შეკრება ადრე უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდი 10-ის ფინალმა გადაიწია და ამ კლუბების მოთამაშეები გვიან შემოგვიერთდნენ. კვირაში სამჯერ გავიკეთებთ ტესტებს და როგორც კი ვირუსის გავრცელების რისკი გამოირიცხება, გუნდის საერთო სქემასა და მონახაზზე დავიწყებთ მუშაობას. გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება. ამ ერთ კვირას გამოვიყენებთ უნარების გასაუმჯობესებლად და სათამაშო სქემის მცირე დეტალებზე ვიმუშავებთ“.

გაფართოებულ რაზმში შვიდი დებიუტანტია – მიხეილ ორაგველიძე, ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი, ოთარ ლაშხი და დავით მესხი. მაისაშვილის ფიქრობს, რომ ეს კონკურენციას აამაღლებს და სიღრმეებს გაზრდის:

“გამომდინარე იქიდან, რომ გიგაშვილი და გოგიჩაშვილი გვიან ჩამოდიან, პირველი ნომრის დაკლების რისკი გვქონდა. საჭირო იყო დაზღვევა და მსჯელობის შემდეგ არჩევანი ორაგველიძეზე შევაჩერეთ, რომელიც ძლიერია სტატიკაში. პირველ ხაზში ასევე გვყავს ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და კვაჭი ლუკა ნიორაძე. ჯაფარიძე იმ ბურჯთაგანია, რომელსაც ტოპ 14-ში დიდი სათამაშო დრო ჰქონდა და მას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის გვყავდა 3-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში, კარგია სტატიკაში და საინტერესო შეტევაში. პრო დე2-ში საკუთარ პოზიციაზე საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა ახალგაზრდა ნიორაძეს და მას შეკრებაზე დავაკვირდებით. მეორე და მესამე ხაზში ბაბუნაშვილს და სპანდერაშვილს ვნახავთ. მათ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ. სპანდერაშვილმა რუსეთის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, ასევე გვყავდა რეზერვად კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში. ლაშხი გაფართოებულ შეკრებაზე აქამდეც იყო. ის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და იქს-ფაქტორს ფლობს. წელს რუსეთში კარგი სეზონი ჰქონდა და ტრავმის შემდეგ ფლეი ოფებსა და ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა მესხმა. დათო ძალიან სწრაფია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

გამოძახებულთა შორისაა ნიკა ხატიაშვილი, რომელმაც “ბორჯღალოსნების” კვართით ბოლოს 2017 წელს ითამაშა. ასევე გიორგი ცუცქირიძე. მან ტრავმამდე ბოლო საერთაშორისო მატჩი 2020 წლის თებერვალში ჩაატარა. ტრავმების გამო გუნდს ზაფხულში დააკლდებიან მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი. უკანასკნელ წამს ნაკრებს გამოაკლდა გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც დიდი 10-ის ფინალში მენისკი დაიზიანა. ოჯახური მდგომარეობის გამო შეკრებაზე არაა თაზო მჭედლიძე.

საქართველოს ნაკრები ზაფხულის მატჩებისთვის

პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), მიხეილ ორაგველიძე (უკეპო), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (4 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა,) გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

9: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 76 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო);

11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), დავით მესხი (უკეპო);

15: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 45 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები