Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო დღეს იმ ჯგუფის თამაშები გაიმართება, რომელშიც 3 გრანდია (საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია) - ტურის ცენტრალური მატჩიც, შესაბამისად, ეს არის: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი საფრანგეთი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ.

ბუნდესგუნდი ბოლო დროს არასტაბილურია, მაგრამ როცა საქმე დიდ ტურნირს და მნიშვნელოვან მატჩს ეხება, დაუშვებელია, გერმანიას აუტსაიდერი ეწოდოს. თანაც, მატჩი მიუნხენში გაიმართება - ბუნდესგუნდი ფაქტობრივი მასპინძელია!

ეს უდავოდ სიკვდილის ჯგუფია, მაგრამ აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ჯგუფიდან 3 გუნდი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სამივე გრანდი გავიდეს. თუმცა, ფრანგებმაც, გერმანელებმაც და პორტუგალიელებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ უნგრეთის ნაკრებს ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერის გამწარება შეუძლია.

“ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ამ ჯგუფიდან პირველი, ან მეორე ადგილით გასვლა უკვე დიდი მიღწევა იქნება,” - განაცხადა მატჩის წინ იოზუა კიმიხმა და დასძინა, რომ საფრანგეთთან კარგი სტარტის აღება ორმაგად მნიშვნელოვანია, რათა გერმანიის ნაკრები მერე პორტუგალიასთან შეხვედრის წინ წნეხის ქვეშ არ იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია, ბუქმეიქერები ამ შეხვედრაში დიდიე დეშამის გუნდს უპირატესობას არ ანიჭებენ და შანსებს თანაბრად ანაწილებენ - ეს ალბათ უფრო იმიტომ, რომ თამაში მიუნხენშია.

მატჩს მიუნხენის სტადიონი უმასპინძლებს

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის ეპოქა დასრულდება. ‘იოგი’ ამბობს, რომ ახლა ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ ეს რთული დასაჯერებელია. ზოგადად, ბუნდესგუნდში უკვე დიდი ხანია, არასახარბიელო სიტუაციაა - 2018 წლის მუნდიალზე განცდილი კრახის შემდეგ რამდენიმე კარგი ფაზა და მატჩი იყო, მაგრამ საერთო ჯამში გერმანიის თამაშს არასტაბილური უფრო ეთქმოდა. ამრიგად, ძალიან საინტერესოა, შეძლებენ თუ არა გერმანელი ფეხბურთელები საფრანგეთთან მაქსიმალურ კონცენტრაციას, რაც ძალიან სჭირდებათ. ეს თამაში გამოაჩენს, რამდენად შორს წასვლა შეუძლია ლიოვის გუნდს. თავის მხრივ, ეს მატჩი უდიდესი გამოცდაა საფრანგეთის ნაკრებისთვისაც, რომელსაც ტურნირზე ყველაზე დაბალანსებული, ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომელ პოზიციაზე დააყენებს ლიოვი იოზუა კიმიხს. 26 წლის ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნში ბოლოს ნახევარდაცვის ცენტრში დამკვიდრდა და ამ პოზიციაზე შეუდარებლად თამაშობს, მაგრამ გერმანიის ნაკრებს ის, შესაძლოა, ახლა მარჯვენა მცველად უფრო სჭირდებოდეს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ლიოვი 3-მცველიან სისტემას აირჩევს (3-5-2 ან 3-4-3) და კიმიხს მთელ მარჯვენა ფლანგს ჩააბარებს.

საფრანგეთის ნაკრებში ექსპერიმენტები მოსალოდნელი არ არის - ერთადერთი კითხვის ნიშანი ისაა, ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიო ითამაშებს, თუ კორენტენ ტოლისო. ქარიმ ბენზემას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება. თუ არა და, ოლივიე ჟირუ მზად არის.

ტურნირის წინ დეშამმა თავისი გუნდი ორივე ტესტ-მატჩში 4-1-2-1-2 სქემით ათამაშა, ნახევარდაცვის რომბისებული სტილით. დიდია იმის ალბათობა, რომ ფრანგებმა გერმანიასთანაც სწორედ ასე ითამაშონ.

საინტერესო ფაქტები

⚽ საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალი წააგო, თუმცა მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი კიდევ უფრო ძლიერი გუნდია. დიდი დეშამის გუნდი კონტინენტის პირველობის მთავარ ფავორიტადაა მიჩნეული.

⚽ საფრანგეთის ნაკრებს შეუძლია, გახდეს პირველი გუნდი, მეორედ შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მოგებას.

⚽ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას უმეტესად მოგებით იწყებს. ფრანგებმა ევროპის პირველობის 9 სასტარტო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს (5 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი) და ისიც 1960 წელს.

⚽ მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მიუნხენში ტარდება, ფრანგები გერმანიასთან თამაშს თავდაჯერებულები ხვდებიან, რადგან ბუნდესგუნდთან 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (3 მოგება, 2 ფრე). 

⚽ საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო 4 მატჩი მშრალი ანგარიშით მოიგო და თუ გოლს გერმანიასთანაც არ გაუშვებენ, ეს მათი ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია იქნება 2008 წლის ივნისის შემდეგ.

⚽ 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გერმანია მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა, მაგრამ მერე იყო 2018 წლის მუნდიალი და სამარცხვინო შედეგი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა.

⚽ გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი არასდროს წაუგია (7 მოგება, 5 ფრე).

⚽ სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებს არ მოუგია ბოლო ისეთი 11 მატჩი, რომელშიც ფიფას რეიტინგში უფრო მაღლა მყოფ გუნდს ხვდებოდა (7 მოგება, 4 ფრე).

⚽ ევროპის სამგზის ჩემპიონმა გერმანიამ გასული წლის ნოემბერში ესპანეთთან 0:6 წააგო, ხოლო ახლახან, მარტში კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა.

⚽ 2014 წლის მუნდიალიდან მოყოლებული საფრანგეთის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ყველა სასტარტო თამაში მოიგო.

⚽ გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს, საფრანგეთს - ბოლო 7 მატჩიდან 6.

⚽ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ საფრანგეთს გერმანიასთან 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-1-2-1-2): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - კანტე - პოგბა, რაბიო - გრიზმანი - ბენზემა, მბაპე.

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - გინტერი, ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გიუნდოგანი, კროოსი, გოზენსი - ჰავერტცი, მიულერი - გნაბრი.

კომენტარები

ბოლო ამბები