Thumbnail

ლიდს იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილ გოლკიპერს, პოლ რობინსონს მიაჩნია, რომ ელდერ კოშტამ გუნდი უნდა დატოვოს, რადგან ის ლიდსის სტანდარტებს არ შეეფერება. 

ელდერ კოშტა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია (ეროვნული ნაკრების ჩათვლით) მშობლიური ანგოლის ეროვნულ ნაკრებში აპირებს თამაშს. ეს გარემარბი ლიდს იუნაიტედში 2019 წლიდანაა, ჯერ ვულვზიდან - იჯარით, შემდეგ კი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ბოლო სეზონში მან პრემიერლიგაში სასტარტოში მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პოლ რობინსონმა MOT Leeds News-თან ინტერვიუში განაცხადა:

"თუ ლიდსი მართლაც იძენს ახალ გარემარბს, ეს იმის ნიშანია, რომ ერთ-ერთ მათგანს კლუბიდან წასვლა მოუწევს. არ გამიკვირდება თუ ეს ელდერ კოშტა იქნება. არ მიმაჩნია, რომ მას კარგი სეზონი ჰქონდა. ხან თამაშიც არ უწევდა. ვფიქრობ, კოშტასთვის უკეთესია რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სხვა კლუბში მიიღოს.
თუ ლიდსი ამ პოზიციას აძლიერებს, ეს მხოლოდ ჩანაცვლებით თუ მოხდება - ერთი მოვა, ერთიც უნდა წავიდეს". 

ელდერ კოშტა ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია - ის მარცხენა გარემარბია. "ტრანსფერმარკტი" 27 წლის ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს (ხვიჩას ფასი 18 მილიონი ევროა). გასულ სეზონში ფლანგებზე მარსელო ბიელსა უფრო ხშირად რაფინიასა და ჯეკ ჰარისონის ტანდემს აყენებდა. ლიდსის ფანების ნაწილს მიაჩნია, რომ რაფინია და კვარაცხელია საოცნებო ტანდემს შექმნიან.   

კომენტარები

ბოლო ამბები