Thumbnail

'ეს ამბავი კორტზე გასვლამდე 5 წუთით ადრე გავიგე' - ციციპასის მძიმე დანაკლისი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბერძენ ჩოგბურთელს ბებია გარდაეცვალა და ჰალეში აღარ ითამაშებს
  • ეს ამბავი ირიბად ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთანაც არის კავშირში

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც გუშინ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დრამატული მარცხი განიცადა, თამაში დაწყებამდე ბებიის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. უდავოა, რომ ამ ამბავმა სტეფანოსის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელშიც დაწერა.

“ცხოვრება მხოლოდ მოგება და წაგება არ არის. მასში მთავარი ყოველი წუთით ტკბობაა, იქნები მარტო თუ ვინმესთან ერთად. გააზრებულად უნდა იცხოვრო, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. თავს ზემოთ ჯილდოს აწევა და გამარჯვების ზეიმი – ეს ყველაფერი არაა. კორტზე გასვლამდე 5 წუთით ადრე გავიგე, რომ ჩემმა საყვარელმა ბებიამ სიცოცხლისთვის ბრძოლა წააგო. ის ბრძენი ქალი იყო, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ცხოვრების და მზად იყო, სხვებისთვის ყველაფერი გაეღო. გასული მატჩის შედეგის მიუხედავად, ამ თამაშს მხოლოდ და მხოლოდ მას ვუძღვნი. მადლობა მას მამაჩემის აღზრდისთვის, მის გარეშე არაფერი ეს არ იქნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ ციციპასმა როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში ჯოკოვიჩთან 7:6 (8:6), 6:2, 3:6, 2:6, 4:6 წააგო. შედეგად, ნოვაკმა რიგით მე-19 სლემ-ტურნირი მოიგო, სტეფანოსი კი, ყველაფრის გათვალისწინებით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამოძახილი გახლავთ, რომ დღეს ციციპასმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირიდან (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ირიბად კავშირშია ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან, რომელმაც ჰალეს ტურნირზე კვალიფიკაცია გაიარა და ხვალ, ძირითად ბადეში ფრანგ ჟილ სიმონთან დაპირისპირება ელის. წარმატების შემთხვევაში, ნიკას მე-2 რაუნდში სწორედ ციციპასსა და ფრანგ არტურ რინდერკნეხს შორის უმჯობესთან უნდა ეთამაშა, სტეფანოსის უარის შემდეგ კი, ბასილაშვილის ბადე გაცილებით გაიოლდა.

უკვე ცნობილია, რომ ბერძენი ჩოგბურთელის ნაცვლად, Noventi Open-ზე ძალებს გერმანელი იანიკ ჰანფმანი სცდის, რომელიც ბასილაშვილის მსგავსად, ასევე კვალიფიკაციაში ასპარეზობდა და გადამწყვეტ ეტაპზე სწორედ ნიკოლოზთან დამარცხდა – 6:7 (3:7), 4:6. ცნობისთვის, ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი დღეს წყვილთა შეჯიბრში ჩაერთვნენ და ინდურ წყვილთან (ბოპანა-შარანი) 6:7 (6:8), 4:6 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები