Thumbnail
  • შოტლანდია 0:2 ჩეხეთი
  • გოლები: 0:1, 0:2 შიკი (42', 52')

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პირველი ტურის მეორე შეხვედრა გლაზგოში გაიმართა, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და დამარცხდა. არადა, ამ მომენტს შოტლანდია 1998 წლიდან მოყოლებული ელოდა - ეს შეხვედრა "სქოთებისთვის" 23-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო დიდ საერთაშორისო ტურნირზე, მაგრამ ჩეხთა ფორვარდმა პატრიკ შიკმა მასპინძლებს ზეიმი ჩაუშხამა - დუბლი შეასრულა, საიდანაც მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო.

შოტლანდიელთა თავკაცი სტივ კლარკი არ მალავდა, რომ ჩეხეთთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ათი ფეხბურთელი წინასწარ შერჩეული ჰყავდა და მხოლოდ ერთ პოზიციაზე ჭოჭმანობდა, მისი მთავარი საფიქრალი კი ის 12 მოთამაშე იყო, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე უნდა დაესვა. 

"ჰემპდენ პარკზე" მასპინძლების სათამაშო ტაქტიკა 3-5-2 იყო, ჟურნალისტების მოლოდინი კი კალუმ მაკგრეგორის შემთხვევაში არ გამართლდა, რომელიც თავის 28-ე დაბადების დღეს სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა. კლარკმა სასტარტოში არც ბილი გილმორი დააყენა, კირან ტირნი კი განაცხადშიც ვერ მოხვდა. შოტლანდიის ნაკრების დაცვის სამეული ჰენდრიმ, კუპერმა და ჰენლიმ შეადგინეს, ფლანგებზე ო’დენიელი და რობერტსონი გამწესდნენ, მაკგინი, მაკტომინეი და არმსტრონგი - ცენტრში, ხოლო კრისტი და დაიკსი კი წინა ხაზზე განლაგდნენ. 

იაროსლავ შილჰავიმ ევროზე სასტარტო მატჩისთვის ნაცადი 4-2-3-1 სქემა არჩია და მოედანზეც ზუსტად ის შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც ტურნირის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში გამოსცადა. დაცვის ცენტრში ჩელუსტკა-კალასის წყვილმაც მწვრთნელის ნდობა სწორედ ალბანეთთან მოგებულ შეხვედრაში (3:1) დამაჯერებელი თამაშით დაიმსახურა. შილჰავის სასტარტო 11-ეულში სიურპრიზები არ ყოფილა - კარში სევილიას მეკარე ტომას ვაცლიკი ჩადგა, თავდასხმაში კი ლევერკუზენის ფორვარდი პატრიკ შიკი გაამწესა, რომელსაც ფლანგებიდან დამხმარეებად ლუკაშ მასოპუსტი და იაკუბ იანკტო მიუჩინა.

გლაზგოს მატჩის მთავარი გმირი პატრიკ შიკი გახდა

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით წარიმართა, კარი ჯერ დევიდ მარშალმა გადაარჩინა, შემდეგ - ტომაშ ვაცლიკმა, ანგარიში კი ტაიმის მიწურულს მაინც სტუმრებმა გახსნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ, ვლადიმირ ცოუფალმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, პატრიკ შიკმა კი შოტლანდიელ მცველებს დაასწრო და თავით შეაგდო.

მეორე ტაიმის სტარტზეც მეკარეებს მოუხდათ თავის წარმოჩენა, ერთ ეპიზოდში კი ჯეკ ჰენდრის გასროლის შემდეგ ჩეხეთის კარი ხარიხამაც იხსნა. მაგრამ ნამდვილი კლასი იმავე შიკმა აჩვენა. ლევერკუზენის 25 წლის ფორვარდმა წინ გამოსულ დევიდ მარშალს გოლი, პრაქტიკულად მოედნის ცენტრიდან გაუტანა და დუბლი შეასრულა.

შეიძლება თქმა, რომ პატრიკის გოლი-შედევრი ევრო 2020-ის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იქნება!      

დევიდ მარშალმა კარის გადარჩენა ამ ეპიზოდში ვეღარ შეძლო

სტივ კლარკის გუნდმა არათუ ქულის გადარჩენა, ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ჰქონდა, ჩეხებმა კი გამარჯვება იზეიმეს. მეორე ტურში, 18 ივნისს, შოტლანდიის ნაკრები ინგლისს "უემბლიზე" ესტუმრება, ჩეხეთი კი ამავე დღეს ისევ გლაზგოში, ხორვატიას დაუპირისპირდება. 

TOP - პატრიკ შიკი (ჩეხეთი)

გაიტანა ორი ბრწყინვალე გოლი, რომელთაგან მეორე უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ზოგადად, თავდამსხმელი ძალიან აქტიური იყო, მასპინძელთა კარს მუდმივად საფრთხეს უქმნიდა, ბევრს მოძრაობდა, არიგებდა პასებს და ურტყამდა. ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სტარტზ მოპოვებულ ძალიან  მნიშვნელოვან 3 ქულას სწორედ პატრიკ შიკს უნდა უმადლოდეს.

FLOP - ლინდონ დაიკსი (შოტლანდია)

ქუინს პარკ რეინჯერსის 25 წლის თავდამსხმელმა მასპინძლებს იმედები ვერ გაუმართლა. დიკსი ჩეხი მცველების გარემოცვაში ჩაიკარგა - კარში სულ ორჯერ დაარტყა, მაგრამ ვაცლიკს ვერცერთხელ აჯობა. მისი 19 პასიდან ზუსტი მხოლოდ 7 იყო (37%), მაღალ ბურთზე 16 ორთაბრძოლიდან კი 10 წააგო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 პატრიკ შიკმა მეორე გოლი 45,5 მეტრიდან გაიტანა - მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის მატჩების დეტალური სტატისტიკა (1980 წლიდან) არსებობს, ეს ყველაზე შორი მანძილიდან გატანილი გოლია.

📌 ლევერკუზენის 25 წლის თავდამსხმელმა ჩეხეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 

📌 მარშალი (36 წლისა და 101 დღის) შოტლანდიის ნაკრების მეორე ყველაზე ასაკიანი მოთამაშეა, რომელმაც მსხვილი ტურნირის ფინალურ სტადიაზე ითამაშა. რეკორდი ჯიმ ლეიტონს ეკუთვნის, რომელმაც 1998 წლის მუნდიალზე 39 წლის ასაკში გამოვიდა.

📌 შოტლანდიის ნაკრებმა მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე პირველად ითამაშა 1998 წლის მუნდიალის შემდეგ. იმ ტურნირზე გუნდმა ჯგუფში ბოლო დაიკავა. პაუზამ 8 392 დღე შეადგინა.

 

შოტლანდია 0:2 ჩეხეთი

გოლები: 0:1, 0:2 შიკი (42', 52')

შოტლანდია (3-5-2): მარშალი - ჰენდრი (67' მაკგრეგორი), ჰენლი, კუპერი - ო’დენელი (79' ფორესტი), არმოსტრონგი (67' ფრეიზერი), მაკგინი, მაკტომინეი, რობერტსონი - დაიკსი (79' ნისბეტი), კრისტი (46' ადამსი). 

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, ჩელუსტკა, კალასი, ბორჟილი - სოუჩეკი, კრალი (67' გროლეში) - მასოპუსტი (72' ვიდრა), დარიდა (87' შევჩიკი), იანკტო (72' გლოჟეკი) - შიკი (87' კრმენჩიკი).

კომენტარები

ბოლო ამბები