Thumbnail

ძიუდო | შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის სამეულში შევიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
  • მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა და ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ სერიოზული წინსვლა განიცადა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.), რომელმაც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილს 5 825 ქულა მოუგროვდა, 9 ადგილით დაწინაურდა და კლასიფიკაციაში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. ლაშას წინ მხოლოდ იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (8 139) და აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი (6 725) იმყოფებიან, მისი უახლოესი მდევრები კი სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი (5 707) და შვედი მატიას მასიასი (5 214) არიან. ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილი (1 240) 49-ეა, ალეკო მამიაშვილი (660) – 76-ე, ხოლო ფრიდონ გიგანი (474) – 93-ე.

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შეაღწია ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გრიგალაშვილი (6 621) მხოლოდ ბელგიელ მატიას კასესა (8 834) და ებრაელ საგი მუკის (7 154) ჩამორჩება, შემდეგ კი თურქი ვედატ ალბაირაკი (6 392) და ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი (5 770) მოდიან. ამავე წონაში ლუკა მაისურაძე (3 870) მეჩვიდმეტეა, ვლადიმერ ახალკაცი (943) კი – 56-ე.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალი ბელგიელ მატიას კასესთან წააგო

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ და ეს, მათ მდგომარეობაზეც აისახა. ლიპარტელიანს უკვე 7 926 ქულა აქვს და პირველ ადგილს ინარჩუნებს, სულამანიძე კი 11 პოზიციით დაწინაურდა და 3 026 ქულით მეოცეა. ლიპარტელიანის გარდა, მოწინავე ხუთეულში არიან პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (7 132), ნიდერლანდელი მიხაელ კორელი (6 698), ებრაელი პეტერ პალჩიკი (6 497) და იაპონელი აარონ ვოლფი (5 920), საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ასეულში ონისე სანებლიძე (44-ე, 1522), ლაშა ტაველური (77-ე, 498) და გიორგი ჩიქოვანიც (86-ე, 420).

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი 4 792 ქულით ათეულს აგვირგვინებს, თემურ ნოზაძე (3 420) მეჩვიდმეტეა, ამირან პაპინაშვილი (2 475) – 26-ე, ჯაბა პაპინაშვილი (1 026) კი – 54-ე. ამ წონაში საუკეთესო ხუთეული ასეა დაკომპლექტებული: 1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 7 670), 2. იაგო აბულაძე (რუსეთი, 6 239), 3. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი, 6 001), 4. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია, 5 970), 5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი, 5 718).

66 კგ-ში 1 ადგილით დაქვეითდა და მე-4 საფეხურზეა ვაჟა მარგველაშვილი (5 885), რომელსაც იტალიელი მანუელ ლომბარდო (7 492), იაპონელი იოშირო მარუიამა (6 950) და სამხრეთკორეელი ბაულ ანი (6 165) უსწრებენ, ხუთეულს კი კიდევ ერთი იაპონელი ჰიფუმი აბე (5 530) ასრულებს. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი (2 639) 29-ეა.

100 კგ-მდე წონითი კატეგორიის კვარცხლბეკზე 2 ქართველი ძიუდოისტი ავიდა

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო ასეულში ერთბაშად 6 ქართველი ძიუდოისტია. აშკარა ლიდერები ლაშა ბექაური (5 782) და ბექა ღვინიაშვილი (5 141) არიან, რომელთაც შესაბამისად, მე-4 და მე-8 ადგილები უკავიათ. ავთანდილ ჭრიკიშვილი (1 583) მეორმოცეა, გიორგი პაპუნაშვილი (1 332) – 45-ე, უშანგი მარგიანი (1111) – 55-ე, ლუკა მაისურაძე (500) კი, რომელმაც ძალები ახალ წონაშიც მოსინჯა, 81-ეა. 90 კგ-ში ლიდერი კვლავაც ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილია 9 611 ქულით, ხუთეულში კი, ბექაურის გარდა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი (6 709), უნგრელი კრისტიან ტოტი (5 960) და უზბეკი დავლატ ბობონოვიც (5 317) არიან.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) მე-6 ადგილამდე დაქვეითდა გურამ თუშიშვილი (6 613), მის წინ კი, ტამერლან ბაშაევი (რუსეთი, 6 971), ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია, 6 930), კოკორო კაგეურა (იაპონია, 6 764) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი, 6 469) არიან. ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (5 063) მეათეა, ლევან მატიაშვილი (2 656) – 23-ე, საბა ინანეიშვილი (622) – მესამოცე, ონისე ბუღაძე (547) – 64-ე, ადამ ოქრუაშვილი (340) კი – მეოთხმოცე.

ქართველ ქალ ძიუდოისტთაგან საუკეთესო შედეგი ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) აქვს, რომელიც 3 102 ქულით მეჩვიდმეტეა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ. 1 786) – 31-ე, მარიამ ჭანტურია (70 კგ. 923) – 44-ე, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.) – 89-ე.   

კომენტარები

ბოლო ამბები