Thumbnail

კოშმარი, გატეხილი თავი | სპორტინგის ფანატებმა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს სცემეს

  • სპორტინგის 50-მდე ფანატი კლუბის ბაზაზე შეიჭრა და იქ ჯოჯოხეთი მოაწყო
  • ხულიგნებმა გუნდის ბომბარდირი ძირს დააგდეს, წიხლები ურტყეს და თავი გაუტეხეს
  • შოკირებული ფეხბურთელები კლუბის დატოვებაზე ფიქრობენ
  • სამართალდამცველებმა 21 ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს

რა მოხდა

მაშინ, როცა სპორტინგი ვარჯიშს ატარებდა, კლუბის ბაზაზე 50-მდე ფანატი შეიჭრა. აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრები, რომლებსაც სახეები შენიღბული ჰქონდათ, სატრენაჟორო დარბაზში მყოფ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ. 

განსაკუთრებით გუნდის თავდამსხმელი ბას დოსტი და მეკარე რუი პატრისიუ დაზარალდნენ. CMTV-ის ინფორმაციით, ფანატებმა ჰოლანდიელი ფეხბურთელი იატაკზე დააგდეს და წიხლები ურტყეს.

ხულიგნებმა დაარბიეს გასახდელი და შენობაში ანთებული მაშხალები ისროლეს. ერთ-ერთი პეტარდი გუნდის ფიზიოთერაპევტს მოხვდა.

Record აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ფანატი ფიზიკურად სპორტინგის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშსაც გაუსწორდა.

სპორტინგის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამო გამოძიება დაწყებულია და ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 21 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

რა იყო მიზეზი

რამდენიმე დღის წინ სპორტინგმა, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მარიტიმუსთან ანგარიშით 1:2 წააგო და ხელიდან გაუშვა მეორე ადგილის დაკავების შანსი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა. ამით უკმაყოფილო ფანატებმა გუნდისგან ახსნა-განმარტება მადეირაზევე მოითხოვეს, მაგრამ მაშინ ყველაფერი მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

ფანატების რისხვამ სპორტინგის ფეხბურთელებსაც უწია და მწვრთნელსაც

აი, ლისაბონში კი სპორტინგს კიდევ უფრო აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრები ელოდნენ. მათგან ყველაზე აქტიურებმა მოახერხეს სტადიონ ალვალადეს მიწისქვეშა ავტოსადგომში შეღწევა, საიდანაც ფეხბურთელები შინ ბრუნდებიან ხოლმე. ფანატებმა თავდასხმა გუნდის ორ ლიდერზე - ვილიამ კარვალიოსა და რუი პატრისიუზე დააპირეს, მაგრამ მაშინ დაცვამ და პოლიციამ დაპირისპირება არ დაუშვა. ფეხბუთელებთან "საქმის გარჩევის" მესამე მცდელობა უკვე სამშაბთს დაიგეგმა და სპორტსმენებისთვის სამწუხაროდ, წარმატებულად განხორციელდა.
 
აღსანიშნავია, რომ ფანატების ასეთი მოპყრობა ფეხბურთელებისადმი, გარკვეულწილად, კლუბის პრეზიდენტმა ბრუნუ დე კარვალიომაც წაახალისა. მან არაერთხელ ღიად გააკრიტიკა მოთამაშეები ჟინის არქონისა და ცუდი შედეგების გამო და მათ პირველი გუნდიდან ჩამოშორებითაც დაემუქრა. 

ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტმა თანამდებობიდან ჟორჟე ჟეზუში დაითხოვა. მოგვიანებით ბრუნუ დე კარვალიომ შეცვალა გადაწყვეტილება და მწვრთნელს სეზონის ბოლო მატჩისთვის გუნდის მომზადება დაავალა - 20 მაისს, პორტუგალიის თასის ფინალში სპორტინგი ავეშს უნდა შეხვდეს.

რეაქცია

ფანატების გამოხდომის გამო, ფეხბურთელები შოკირებულნი არიან. O Jogo წერს, რომ ბევრი მათგანი უკვე ფიქრობს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტასა და ქვეყნის თასის ბოიკოტირებას.

ფეხბურთელები ეჭვობენ, რომ ფანატები აგრესიულად თავად კლუბის პრეზიდენტმა განაწყო 

როდესაც ინციდენტის შემდეგ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტი მივიდა, ფეხბურთელებმა ბრუნუ დე კარვალიოსთან საუბარიც არ ისურვეს. გუნდის ლიდერები - ვილიამი და პატრისიუ აპირებენ, დანარჩენებთან ერთად გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ მომავალში. Tyc Sports-ის ინფორმაციით, სპორტინგის არგენტინელმა ლეგიონერებმა: მარკოს აკუნიამ და როდრიგო ბატალიამ უკვე გამოთქვეს კონტრაქტის გაწყვეტისა და კლუბის დატოვების სურვილი, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

"ჩვენ არ გავჩერდებით და ბოლომდე მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც ასე უღირსად მოიქცა", - ასე გამოეხმაურა კლუბი მომხდარს.

კომენტარები

ბოლო ამბები