Thumbnail

ნიდერლანდების ნაკრებს რომ უჭირს და დიდი ვერაფერი გუნდია, ეს ამ ევროს წინ ბევრჯერ გავიგე. გულწრფელი ვიქნები: დე ბურის გუნდის თამაში დიდი ხანი არ მქონდა ნანახი და საქართველოსთან ვნახე, ამ ათიოდე დღის წინ. საქართველოს ნაკრებს ბევრთან და ბევრჯერ წაუგია, თუმცა ასე უშანსო იშვიათად მახსოვს. ამ მატჩის მერე ბევრი ჩვენთან გულგატეხილი იყო, თუმცა იქ მე ნიდერლანდების ძალა უფრო დავინახე, ვიდრე საქართველოს სისუსტე.

უკრაინა საშუალო დონის ევროპული გუნდია, მძიმედ სათამაშო, ფიზიკური და კარგი დისციპლინით. თუ რამე ეხერხება უკრაინას, ეს დაცვაში ჩაჯდომა და კონტრშეტევებია. ასეთი თამაშით შეუძლიათ, მაგალითად, საფრანგეთს შეუქმნან პრობლემა. ნიდერლანდებთან ეს არ გამოვიდა, რადგან დე ბურის გუნდს ძალიან აგრესიული პრესინგი აქვს და ისე გახრჩობს, როგორც კლოპის ლივერპული საუკეთესო თამაშებში. უბრალოდ არ გათამაშებს, ბურთს ეგრევე კარგავ.

ჰო, ისიც მესმოდა, რომ მარტენ დე როონი, პატარა ატალანტადან, იმ მაისურის ტარებას არ იმსახურებს, რომელიც ოდესღაც ზეედორფს და დავიდსს უტარებიათ. არადა, დე როონი პრესინგში ძალიან მაგარია, ვეინალდუმი არამხოლოდ პრესინგში და ფრენკი დე იონგმა საერთოდ ყველაფერი იცის მოედანზე - ბურთს ვერ წაართმევ, ისეთია.

ლეგენდები ნიდერლანდების ხუთ მცველზეც მოვისმინეთ. არადა, დენზელ დუმფრისი ჩემთვის ჩემპიონატის სამი დღის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია. არასოდეს იღლება და ყველა შეტევაში საფრთხეს ქმნის. დუმფრისმა უკრაინასთან თამაში მოიგო. მზა ფეხბურთელია რომელიმე ევროპული გრანდისთვის. ფლანგს ჩააბარებ და მშვიდად ხარ.

ნიდერლანდების 3-5-2-იც ის სქემაა, ამ ნაკრების ყველაზე ძლიერ მხარეეებს რომ აერთიანებს. ასეთი პრესინგიდან ასვლა მხოლოდ გრძელი პასით შეიძლება. რამდენი ფორვარდი იცით, გრძელ პასს რომ მიიღებს, როცა მატეის დე ლიხტი დაუდგება?! 

ნიდერლანდების კრიტიკა ალბათ უფრო სტერეოტიპებიდან მოდის. ეს ნაკრები ყოველთვის ბურთის ვირტუოზულ გორაობასთან და თამაშის პასით კონტროლთან ასოცირდება. ეს ამსტერდამული თამაშია. აიაქსის სკოლას გავლენით ვერ შეედრება, თუმცა ნიდერლანდებში სხვა საფეხბურთო სკოლებიც არის. მაგალითად, როტერდამული, რომელიც უფრო ბრძოლისუნარიან და აგრესიულ სტილს ქადაგებს. როტერდამი საპორტო ქალაქია, თავზეხელაღებული ხალხით და იქ ამსტერდამულ შთაგონებაზე მეტად, თამაშის ომად ქცევას აფასებენ. ნიდერლანდებს როტერდამული გუნდებიც ჰყოლიათ. ბოლოს, 2010 წელს, ბერტ ვან მარვიიკმა, როტერდამული სკოლის წარმომადგენელმა, ეს გუნდი ფინალში მოედნის ცენტრში დე იონგი-ვან ბომელის დუეტით გაიყვანა.

ეს ნიდერლანდებიც უფრო ბრძოლის, პრესინგის და წესრიგის გუნდია. ვან ნისტელროი ან კლუივერტი არ ჰყავთ და ხარისხიანი, დიდი ფორვარდი აშკარად აკლიათ. თუმცა, სხვა კუთხით, ძალიან კარგი გუნდია. ეს გუნდი თუ არ დაიღალა, მისი მოგება ძალიან გაჭირდება. პლეი ოფებში შემადგენლობის სიღრმე ფასობს და სკამზე ვეინალდუმის, მემფისის ან დე იონგის შემცვლელი ვერ ვნახე. სხვა მხრივ, დე ბურის გუნდი ძალიან მომეწონა. დე ბური ამსტერდამელია, მაგრამ გუნდი როტერდამულად ჰყავს დაყენებული.

კომენტარები

ბოლო ამბები