Thumbnail

თარიღების და მასპინძელი ქვეყნების შეცვლის მიუხედავად, 47-ე კოპა ამერიკა ერთი დღის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო. ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპაზე თამაშს ჩილეს ნაკრებთან შეხვედრით იწყებს.

განსხვავებით ევროპის ჩემპიონატისგან, კოპა ამერიკა უმაყურებლოდ მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი კორონავირუსია. საინტერესოა, რომ არგენტინაში, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი უნდა ყოფილიყო, დაინფიცირების ახალი შემთხვევა, უკანასკნელი კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ 25 958-ია, ხოლო ბრაზილიაში ეს რიცხვი, სადაც ტურნირი ბოლო მომენტში გადაიტანეს, 66 770-ს შეადგენს. თუ ამ მონაცემებს ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ, არც თუ ისე დიდ განსხვავებას მივიღებთ, რაც კონმებოლის გადაწყვეტილების სამართლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

კოპა ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო

არასასიამოვნო ეპიდემიოლოგიური  ვითარების გამო, "ალბისელესტემ" მატჩებისთვის მომზადება სამშობლოში გადაწყვიტა. არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, გუნდი სამშობლოში მოემზადება და ბრაზილიაში უშუალოდ მატჩების ჩასატარებლად ჩავა. 

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სკალონიმ ის 28 ფეხბურთელი, რომელიც ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ბოლო პერიოდში ჩატარებული მატჩების დასრულების შემდეგ შეარჩია. გუნდის მიღმა დარჩნენ ვილიარეალის მცველი ხუან ფოიტი და სევილიას შემტევი ლუკას ოკამპოსი. ამ უკანასკნელმა ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ 10 დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პირველი ტაიმი ითამაშა და იმდენად ცუდად, რომ იმავე ტურნირის ეგიდით ჩატარებულ კიდევ ერთ შეხვედრაში კოლუმბიელების წინააღმდეგ, სკალონის ის განაცხადშიც კი აღარ ჰყოლია. რაც შეეხება ფოიტს, ის სწორედ "ტრე კოლორის" წინააღმდეგ ცუდად ჩატარებულ მატჩს "ემსხვერპლა". 

ჩილესთან შეხვედრის წინ სკალონი გარკვეულ საკადრო პრობლემებსაც გადააწყდა. კოლუმბიის ნაკრებთან მატჩში "ალბისელესტეს" მეკარე ემილიანო მარტინესი და ცენტრალური მცველი კრისტიან რომერო დაემტვრა. ორივე მათგანმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ როგორც არგენტინული პრესა იტყობინება, უკანასკნელ ვარჯიშზე იმ თერთმეტ ფეხბურთელს შორის, რომელიც ჟურნალისტების აზრით, ჩილესთან მატჩს დაიწყებენ, ატალანტას მცველი არ იყო.

მესიმ კოპა ამერიკის ფინალში სამჯერ ითამაშა, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა

უკანასკნელ პერიოდში ჩილეს ნაკრები "ალბისელესტესთვის" საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ "ლა როხამ" არგენტინელებს კოპას ორი ფინალი მოუგო.

მიმდინარე ტურნირის პირველივე შეხვედრას ჩილეს ნაკრები უდიდესი პრობლემით ხვდება. მარტინ ლასარტეს გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ალექსის სანჩესი არ ეყოლება, რომელმაც უკვე ხსენებულ, ათი დღის წინანდელ მატჩში, "ალბისელესტეს" საპასუხო გოლი გაუტანა. შემადგენლობის შერჩევისას ჩილელთა ურუგვაელი დამრიგებელი, ძირითადად გამოცდილ მოთამაშეებს დაეყრდნო.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ლასარტე ჩილელთა თავკაცად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა და შესაბამისად, მას დიდი დროც არ ჰქონდა, ამიტომაც, ლასარტეს არჩევანი ლოგიკური, მაგრამ "ოქროს თაობის" მოთამაშეთა ასაკის გათვალისწინებით, ამავე დროს პრობლემურიც არის. 

საინტერესო ფაქტები

⚽ უკანასკნელი ოთხი კოპადან, რომლებიც არგენტინის ფარგლებს გარეთ ჩატარდა, ალბისელესტემ გახსნითი მატჩი მხოლოდ ერთხელ მოიგო - 2016 წელს, აშშ-ში და მეტოქედ მაშინაც ჩილე ჰყავდა.

⚽ ამ გუნდების უკანასკნელი რვა შეხვედრიდან ჩილემ მხოლოდ ორი მოიგო და ორივე გამარჯვება ლა როხასთვის კოპა ამერიკის ტიტულის მომტანი აღმოჩნდა. კიდევ 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 კი ალბისელესტემ მოიგო.

⚽ ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო რვა მატჩში არბიტრებმა მოთამაშეებს 55 ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი უჩვენეს.

⚽ ბოლოს კოპა ამერიკაზე ეს გუნდები ერთმანეთს 2019 წელს ჩატარებული ტურნირის ეგიდით შეხვდნენ. მატჩი, რომელიც მესამე პრიზიორის ბედს არკვევდა, არგენტინელებმა მოიგეს - 2:1.

⚽ იმ შეხვედრაში ფეხბურთელებმა შვიდი ყვითელი და ორი წითელი ბარათი მიიღეს (მესი და გარი მედელი).

⚽ ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ათი დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გაიმართა. არგენტინაში ჩატარებული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-3-3): მარტინესი - მონტიელი, მარტინეს ქუატრა, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი, ლო სელსო - მესი, ლაუტარო მარტინესი, ნიკოლას გონსალესი.

ჩილე (4-4-2): ბრავო - ისლა, სიერალტა, მედელი, მენია - ჩარლზ არანგისი, მედელი, პულგარი, ვიდალი - მენესესი, ვარგასი.  

კომენტარები

ბოლო ამბები