Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფს საჩოგბურთო სამყარო ეხმაურება
  • ექსპერტები მას ოთხივე დიდი სლემის მოგებას უწინასწარმეტყველებენ
  • ორი წაგებული სეტის შემდეგ ასე თამაშს განსაკუთრებული ფსიქოლოგია სჭირდება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობა ძალიან შთამბეჭდავ სტილში მოიგო. მან ჯერ გრუნტის და 'როლან გაროსის' მეფე რაფა ნადალი დაამარცხა თამაშში, რომელიც მისივე შეფასებით მისი საუკეთესო მატჩების სამეულში შედის და შემდეგ ამომავალ ვარსკვლავ სტეფანოს ციციპასს მოუგო სეტებში 0:2-ის შემდეგ. 0:2-დან ფინალში მოგება ძალიან რთულია, თუმცა ნოლემ მომდევნო სამივე სეტი ძალიან მაგრად გააკონტროლა და ინიციატიცა ხელიდან არ გაუშვია.

ჯოკოვიჩის ტრიუმფს გამოეხმაურა მატს ვილანდერი, ევროსპორტის ექსპერტი და თავადაც დიდი სლემების მრავალგზის ჩემპიონი. ვილანდერის აზრით, ჯოკოვიჩი მოახლოებული უიმბლდონის უპირველესი ფავორიტია - მიუხედავად იმისა, რომ უიმბლდონის ბალახის კორტზე აბსოლუტურად განსხვავებული სტილის თამაშია და როლან გაროსის შემდეგ ორიოდე კვირაში კიდევ ერთი დიდი სლემის მოგება ფიზიკურად ძალიან რთული ამოცანაა.

ვილანდერი: "ამ სეზონში ჯოკოვიჩი ფავორიტია უიმბლდონზეც და ამერიკის ღია პირველობაზეც, რადგან ვიცით, 'ჰარდზე' როგორ თამაშობს. ის უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და თამაშის ბოლოსაც კი თითქოს დაღლილი არ იყო. ნოლე შემაშინებლად კარგია. არ ვიცი, რას ეუბნება თავის თავს, როდესაც ფინალში ორი სეტი აქვს წაგებული. ალბათ ივიწყებს ანგარიშს და თავს შთააგონებს, რომ ახლა მან უკვე იცის, ამ მეტოქის წინააღმდეგ როგორ უნდა ითამაშოს. ბოლო სამ სეტში ის დაუმარცხებელი იყო."

ვილანდერი ციციპასსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ორი მოგებული სეტის შემდეგ მარცხი განსაკუთრებულად მტკივნეულია: "ორი მოგებული სეტის შემდეგ ციციპასი ფიქრობდა, რომ მესამე სეტში მას მხოლოდ თავისი მოწოდების არწაგება სჭირდებოდა. პირველივე ფინალში ასე წაგება მტკივნეულია. თუმცა ეს თაობა (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი) დაუმარცხებელია. ახალ თაობას მათთან თამაში ძალიან უჭირს."

ჯოკოვიჩის ტრიუმფს გამოეხმაურა მიშა ზვერევიც, რომელმაც ნოლეს წელს ოთხივე დიდი სლემის მოგება უწინასწარმეტყველა. ზვერევი: "ნოლე ლეგენდაა. ის წელს ოთხივე დიდ სლემს მოიგებს. ორი სეტის შემდეგ ფიზიკურად და მენტალურად უფრო ძლიერი დაბრუნდა. დაჯილდოების ცერემონიალზე ვუყურებდი და ისე მოტივირებული და კონცენტრირებული იყო, რომ მგონი უკვე უიმბლდონისთვის ემზადებოდა."

ნოვაკ ჯოკოვიჩს უკვე 19 დიდი სლემი აქვს და მხოლოდ 1 ტიტულით ჩამორჩება რაფა ნადალს და როჯერ ფედერერს. ესეც დროის ამბავია...

კომენტარები

ბოლო ამბები