Thumbnail

NBA | კრის პოლი სასწაულებს აგრძელებს - 4:0 და ფინიქსი კონფერენციის ფინალშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დენვერ ნაგეთსი 118:125 ფინიქს სანსი
  • 4:0 და კრის პოლი კონფერენციის ფინალშია
  • MVP იოკიჩმა თამაში ნაადრევად დატოვა

ფინიქს სანსი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალშია! კრის პოლმა და კომპანიამ დენვერ ნაგეთსთან მეოთხე მატჩში 125:118 გაიმარჯვეს და სერია Sweep-ით დაასრულეს - 4:0. რეგულარული სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი კი თამაშს ნაადრევად, ცუდად გამოეთიშა.

იოკიჩმა (22 ქულა, 9/17, 11 მოხსნა) მატჩი მესამე პერიოდში, კამერონ პეინზე ზედმეტად მძიმე ფოლის გამო დატოვა (ფაქტობრივად ჩაარტა!). მისი გაძევების შემდეგ დენვერმა კიდევ სცადა რაღაც-რაღაცები, მაგრამ კატასტროფულ ფიასკოს ვერ გადაურჩა.

კრის პოლმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი, 37 ქულა (14/19) დააფიქსირა და ამას 7 ასისტიც დაუმატა. დევინ ბუკერის ანგარიშზე 34 ქულა (11/25) და 11 მოხსნაა. 10-ზე მეტი ქულა დააგროვეს მიკალ ბრიჯესმა (14) და დეანდრე ეიტონმაც (12), ხოლო ჯეი კრაუდერის აქტივში კი 9 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარებაა.

სასწაული იყო პოლის მესამე პერიოდი, როცა მან ზედიზედ ექვსი Midrange-Jumper შეასრულა და მისი შეჩერება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა დაასვენეს. ერთ თამაშში 37 ქულა კრის პოლს სამი წელია, არ ჩაუგდია. 

იოკიჩისთვის კი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ძალიან ცუდად დამთავრდა. არადა, სერბს რეალურად ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მისმა გამწარებულმა საქციელმა ისეთ ფაზაში, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ იყო, დენვერის იმედები საბოლოოდ დაასამარა.

“ორი წლის წინ ბევრმა ჩამომწერა. მეუბნებოდნენ, აღარ შეგიძლიაო… კარგი იქნება, თუ ჩემზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, რადგან საქმე მე კი არ მეხება, არამედ ჩვენ. დღეს ვაჩვენეთ, რა შეუძლია შეკრულ გუნდს. ჩვენ დიდებული გუნდი ვართ.” - განაცხადა მატჩის შემდეგ კრის პოლმა.

“უბრალოდ მინდოდა, რომ მათი რიტმი გამენადგურებინა და ჩვენთვის ენერგია მომემატებინა. დიახ, ფოლი მინდოდა, მაგრამ მისთვის ტრავმის მიყენება ან თავში ხელის მორტყმა, რა თქმა უნდა, არ მსურდა,” - ეს იოკიჩის სიტყვებია.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ფინიქსი ან იუტა ჯაზს შეხვდება, ანაც ლოს ანჯელეს კლიპერსს. ამ დროისთვის იუტა სერიას იგებს - 2:1.

კომენტარები

ბოლო ამბები