Thumbnail

'მდგომარეობა სტაბილურია, მეტ ინფორმაციას ველით' - რა დაემართა ლაშა ბექაურს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიიღო
  • თუკი დაზიანება სერიოზული გამოდგა, მას ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა ლაშა ბექაურის ტრავმის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მხრის დაზიანება მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საფრანგეთთან შეხვედრაში მიიღო.

ექიმის განცხადებით, ძიუდოისტს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. მიღებული ტრავმის შესახებ დეტალურად ცნობილი მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შემდეგ გახდება, თუმცა, სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იყოს.

ლაშა ბექაური უხერხულად დაეცა და დანებება მოუწია

ზურაბ კახაბრიშვილი: “აქამდე, სრული ინფორმაცია არ გვქონდა და რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს ვიკავებდით. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. იმობილიზირებულია (სხეულის დაშავებული ან დაავადებული ნაწილის თაბაშირით ან არტახებით შეკვრა მისი უძრავი მდგომარეობის შესანარჩუნებლად – რედ.) ხელი, უკეთდება პირველად საჭირო სამედიცინო დახმარება. მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება. ამჟამინდელი მდგომარეობით, სპორტსმენი კარგად არის, დაწყნარდა და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ მოკლე პერიოდში ის ისევ შესძლებს გაახაროს საქართველო”.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ბექაურს ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია, გუნდურში კი ფრანგ სედრიკ ოლივართან ილეთისას უხერხულად მოჰყვა და მხარი იტკინა. ლაშა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, დღეს კი ძალები აბსოლუტურ წონაში (+90 კგ.) მოსინჯა, რაც ნამდვილად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიადაზე 90 კგ-ში სწორედ ბექაურის წაყვანა იგეგმება და არა – ბექა ღვინიაშვილის, თუმცა, ტრავმამ შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს.

📺 ბექაურის ტრავმის მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები