Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ინგლისმა პირველ შეხვედრაში ხორვატია 1:0 დაამარცხა. გარეთ საუთგეიტის გუნდისთვის ‘უემბლიზე’ ჩატარებული შეხვედრა ადვილი არ გამოდგა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მოგება ბრიტანელებისთვის ისტორიულია. ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე მეათედ თამაშობს და ეს მატჩია პირველი, რომელიც მათ ტურნირების სასტარტო შეხვედრებიდან მოიგეს. პოპსპორტთან ინგლისის ნაკრების თამაში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შეაფასა, რომელიც სწორედ ინგლისის გულშემატკივარია.

გიორგი კეკელიძე: “ინგლისის ნაკრებისთვის მთავარი 3 ქულის აღება იყო და ეს მოახერხეს. თანაც, საუთგეიტის გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა. ინგლისს წინ, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - 18 ივნისს შოტლანდიასთან და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კუთხითაც იყო. ჩემი აზრით, საუთგეიტის მთავარი ამოცანა ამ გუნდისთვის ფატალურობის განცდის მოხსნაა. 1996 წლის ნახევარფინალში, პენალტებიის სერიაში გაცუდებული დარტყმის შედეგად, ამ ფატალურობის მსხვერპლი თავად საუთგეიტი იყო.

მწვრთნელმა ისიც მოახერხა, რომ გუნდის გამოსვლას თან აღარ ერთვის სიტყვები „ესენი მაინც წააგებენ“. ხსენებული ფრაზა დიდი ხანია დამკვიდრდა, რაც ინგლისის ნაკრების გაცილებით ვარსკვლავური შემადგენლობების წარუმატებლობის ბრალია.

ამ ფორმაციის ნაკრებს, განსხვავებით წინა ფორმაციის გუნდებისგან, ისიც აუცილებლად დაეხმარება, რომ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩს შინ გამართავს. საუთგეიტის გუნდი თავისუფალია წნეხისგან. მისი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში სწორედ ამ ფაქტორის დამსახურებაა.”

ჯგუფურ ეტაპზე თავის მეორე მატჩს ინგლისის ნაკრები შოტლანდიელების წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს, ხოლო ჩეხეთის ნაკრებს კი 22 ივნისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები