Thumbnail
  • ნიდერლანდები 3:2 უკრაინა
  • გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარემჩუკი (79), 3:2 დუმფრისი (85)
  • ნიდერლანდებმა ევრო 2020 გამარჯვებით და 3 გოლით დაიწყო

ამ დღეს ნიდერლანდების ნაკრების ფანები 2528 დღე ელოდნენ, რადგან ზუსტად ეს დრო გავიდა მას მერე, რაც ბოლოს ნიდერლანდებს დიდ საფეხბურთო ფორუმზე ჰქონდა ნათამაშები (2014 წლის მუნდიალი). ეს 7-წლიანი მოლოდინი კი ამსტერდამში, უკრაინის ნაკრებთან გამარჯვებით დასრულდა.

ფრანკ დე ბურმა მედიის, გულშემატკივრებისა და სპეციალისტების მოწოდება არ გაითვალისწინა და ისევ 3-5-2 სქემა აირჩია. ბოლო ამხანაგურ მატჩთან შედარებით, რომელიც ნიდერლანდებმა საქართველოსთან გამართა, დე ბურმა ერთადერთი ცვლილება განახორციელა და ოუენ ვეინდალის ნაცვლად მარცხენა ფლანგის კონტროლი პატრიკ ვან აანჰოლტს დაევალა. ნიდერლანდელთა კარს მარტეენ სტეკელენბურგი იცავდა, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კიპერი გახდა, ვინც დიდ ტურნირზე ითამაშა და ედვინ ვან დერ სარის რეკორდი დაამხო. "ნარინჯისფერთა" შეტევის დუეტი მემფის დეპაიმ და ვაუტ ვეგჰორსტმა გაამაგრეს.

ანდრეი შევჩენკომ საკმაოდ შემტევი შემადგენლობა შეარჩია და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა სათამაშო სქემა 4-3-3 იყო, მოედანზე რეალურად 4 შემტევი იმყოფებოდა: რომან იარემჩუკი, რუსლან მალინოვსკი, ანდრეი იარმოლენკო და ოლეკსანდრ ზუბკოვი.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას, მაგრამ არც გოლი გასულა და რეალური საგოლე მომენტიც ბევრი არ ყოფილა. მთლიანობაში ფრანკ დე ბურის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა, ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა და რომ არა გეორგი ბუშჩანის დამაჯერებელი თამაში, "ნარინჯისფრები" ტაიმს მოიგებდნენ.

ბუშჩანმა დუმფრისს არ გაატანინა

აქტიურობდა დენზელ დუმფრისი, რომელსაც ორჯერ მიეცა მაგარი შანსი, მაგრამ ჯერ მეკარემ აჯობა, მერე კი თვითონ დაარტყა არაზუსტად. ყველაზე რეალური შანსი ჟორჟინიო ვეინალდუმს ჰქონდა, რომელიც 39-ე წუთზე ემუქრებოდა უკრაინელთა კარს და ბუშჩანმა დიდებულად ითამაშა. ინერტული და მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული არც შევჩენკოს ბიჭები იყვნენ და რამდენჯერმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა რეალური საგოლე შანსების გარეშე.

მე-2 ტაიმში სცენარი არ შეცვლილა: ნიდერლანდებმა უფრო მოუმატა და მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა. რამდენადაც კარგი იყო პირველ ტაიმში ბუშჩანი, იმდენად ცუდად დაიწყო მისთვის მე-2 ნახევარი. 52-ე წუთზე მიკოლენკოს ფლანგზე დუმფრისმა აჯობა და გამჭოლი პასი გააკეთა, რომელსაც განსაკუთრებული ხიფათი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ბუშჩანმა შეცდომა დაუშვა. მან ბურთი წინ მოიგერია და ჟორჟინიო ვეინალდუმმა, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან იყო ჩასაფრებული, საჩუქარი შეირგო.

გოლის შემდეგ მასპინძლებს ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაეხსნათ და მალევე ვაუტ ვეგჰორსტმა უპირატესობა გაზარდა. ბუშჩანი ამჯერადაც არ იყო დამაჯერებელი, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ეფარებოდა და მხედველობას უზღუდავდა. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, თითქოს ინტრიგა მოკვდა და ნიდერლანდებმაც ენერგიის დაზოგვაზე ფიქრი დაიწყო.

ვეგჰორსტმა საქართველოს შემდეგ უკრაინასაც გაუტანა

თუმცა, დე ბურის გუნდს მშვიდად ყოფნა არ დასცალდა, რადგან 75-ე წუთზე ანდრეი იარმოლენკომ მაგრად შეასრულა და შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირა. უკრაინას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა ყველაფერი თავდაყირა რომ დაეყენებინა და 4 წუთში ანგარიში გაათანაბრა - მალინოვსკის ჩაწოდებას რომან იარემჩუკი გამოეხმაურა და ამსტერდამული პუბლიკა დადუმა - 2:2! მიუხედავად ამისა, ნიდერლანდებმა მაინც მოიგო. დე ბურის გუნდში დენზელ დუმფრისი შეუჩერებელი იყო და 85-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა. ნათან აკეს ფლანგური გადაცემის მერე ოლეკსანდრ ზინჩენკოს დაასწრო და ნიდერლანდებს მოაგებინა.

იარმოლენკოს შედევრი ნიდერლანდების კარში

მთლიანობაში მცირე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, ნიდერლანდების ნაკრებმა უკრაინას აშკარად აჯობა და გამარჯვებაც ლოგიკურად მოიპოვა. დე ბურის გუნდი შეტევაში ძალიან აქტიური იყო და რომ არა, 2:0-ზე კონცენტრაციის დაკარგვა, კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

С ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 17 ივნისს გაიმართება და ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიას, ხოლო უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

TOP - დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდები)

დენზელ დუმფრისმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ამასთან, 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და უკრაინის ნაკრების მარცხენა ფლანგი ყველაზე უსუსური რომ ჩანდა, მისი დამსახურებაა. დენზელმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა! პირველი მის ჩაწოდებას მოჰყვა, მეორეზე საჯარიმოში იაქტიურა და ბურთი მოიპოვა და ბოლოს გადამწყვეტი გოლი თავად შეაგდო.

FLOP - მარლოსი (უკრაინა)

ნატურალიზებული ბრაზილიელი ზუბკოვის ტრავმის გამო მე-13 წუთზე ჩაერთო თამაშში და 64-ე წუთზე შეცვალეს. მარლოსი ძალიან ინერტული და თამაშიდან ამოვარდნილი იყო. აშკარაა, რომ შევჩენკოს იმედი ვერ გაამართლა, მისი გასვლის მერე უკრაინა გაცილებით კარგად ათამაშდა. მარლოსი ვერც შეტევაში ასრულებდა თავის მოვალეობას და ვერც ვიტალი მიკოლენკოს დაეხმარა დაცვაში დენზელ დუმფრისის განეიტრალებაში. მან 22 პასიდან 5 არაზუსტი გააკეთა.

დენზელ დუმფრისი 90 წუთის განმავლობაში ყველაზე აქტიური იყო

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ნიდერლანდები და უკრაინა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველად დაუპირისპირდნენ. მანამდე სხვა ტურნირებზე ორჯერ შეხვედროდნენ და ნიდერლანდები დაუმარცხებელი იყო (1 მოგება, 1 ფრე).

📌 მარტეენ სტეკელენბურგი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატი) ითამაშა  - 38 წლის და 264 დღის. მან ედვინ ვან დერ სარის მიერ 2008 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (37 წლის და 236 დღის).

📌 ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში კარისკენ 10-ჯერ დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა. ევრო 2020-ზე პირველ ნახევარში 10+ დარტყმა გოლის გარეშე კიდევ სამ გუნდს ჰქონდა - იტალია, დანია და შვეიცარია.

📌 ნიდერლანდების პირველი გოლი დიდ ტურნირებზე (მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატი) 2014 წლის შემდეგ ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა. მანამდე ბოლო გოლიც მის ანგარიშზე იყო, როდესაც 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიას გაუტანა. მას მერე 2528 დღე გავიდა.

📌  ჟორჟინიო ვეინალდუმმა ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 26 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

📌 დენზელ დუმფრისმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაიტანა და ეს ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლია ნიდერლანდებისთვის ევროპის ჩემპიონატზე 2000 წლის მერე. მაშინ ფრანკ დე ბურმა ჩეხეთს 89-ე წუთზე გაუტანა (1:0).

📌 ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მე-2 ტაიმში 5 გოლი გავიდა იმ მატჩში, რომლის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

📌 უკრაინამ გოლები 246 წამის ინტერვალში გაიტანა. არადა, მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 72 უშედეგო დარტყმა ჰქონდა (2012 წლიდან).

ნიდერლანდები 3:2 უკრაინა

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარემჩუკი (79), 3:2 დუმფრისი (85)

ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელებურგი - ტიმბერი (88. ველტმანი), დე ვრეი, ბლინდი (64. აკე) - დუმფრისი, დე რუნი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვან აანჰოლტი (64. ვეინდალი) - ვეგჰორსტი ( 88. ლ. დე იონგი), დეპაი (90. მალენი)

უკრაინა (4-3-3): ბუშჩანი - კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო - სიდორჩუკი, ზინჩენკო, მალინოვსკი - იარმოლენკო, იარემჩუკი, ზუბკოვი (13. მარლოსი, 64. შაპარენკო)

კომენტარები

ბოლო ამბები