Thumbnail

ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია - ერთი მოგება და ალბათ, ციციპასთან მატჩია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ვეტერან ჟილ სიმონს ეთამაშება
  • დიდია შანსი, ის როლან გაროსის ფინალისტ სტეფანოს ციციპასს გაეჯიბროს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) ძირითად ბადეში პირველი მეტოქის ვინაობა შეიტყო.

საქართველოს პირველი ჩოგანი Noventi Open-ის სასტარტო რაუნდში 36 წლის ფრანგ ჟილ სიმონს გაეჯიბრება. ის ATP-ს რეიტინგში 69-ე ადგილზეა, კარიერის პიკი კი 2009 წელს ჰქონდა, როდესაც მე-6 პოზიციას უწია.

ცნობისთვის, ქართველ და ფრანგ ჩოგბურთელებს 4-ჯერ უთამაშიათ და სიმონი ბასილაშვილს 3:1-ს უგებს. ჟილმა 2015 წელს შანხაის მასტერსზე ნიკას 6:3, 4:6, 6:0 სძლია, 2017 წლის როლან გაროსზე ქართველმა რევანშის აღება მოახერხა – 1:6, 6:2, 6:4, 6:1, 2018 წლის როლან გაროსსა და უიმბლდონზე კი ისევ ფრანგმა იმარჯვა, შესაბამისად, 6:4, 6:0, 6:7 (4:7), 6:4 და 6:1, 7:6 (7:5), 6:1.

შეგახსენებთ, რომ ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციაში პირველი განთესვის მქონე ბასილაშვილმა ორ გერმანელ ჩოგბურთელს მოუგო: რუდოლფ მოლეკერს – 7:6 (9:7), 7:6 (7:5) და იანიკ ჰანფმანს (მე-7 განთესვა) – 7:6 (7:3), 6:4.

საინტერესოა, რომ თუკი ბასილაშვილმა სიმონის დამარცხება მოახერხა, მერვედფინალში სავარაუდოდ, წლევანდელი როლან გაროსის ფინალისტ სტეფანოს ციციპასს გაეჯიბრება. ბერძენი ჩოგბურთელი, რომელსაც რუსი დანიილ მედვედევის კვალად, მე-2 განთესვა აქვს, პირველ წრეში ფრანგ არტურ რინდერკნიხს ეთამაშება.

ვთქვათ ისიც, რომ ქართველი ჩოგბურთელი ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს. 14 ივნისს, ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი ინდოელებს – როჰან ბოპანასა და დივიჯ შარანს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები